3c4392c40a0490048fd12d9ab31da7c2

Mamuka Akhvlediani (IPN)

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც სასამართლოში არსებულ კორუფციაზე და მოსამართლეთა საატესტაციო  გამოცდაზე ტესტების წინასწარ გასაჯაროვებაზე გააკეთა განცხადებები, რაშიც თავად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძესაც ადანაშაულებდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

მამუკა ახვლედიანის გადაყენებას იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი ერთის წინააღმდეგ. როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო, არ ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რჩევებს და გადაწყვეტილებებს საბჭოს გვერდის ავლით იღებდა. ასევე, თვითნებურად ანაწილებდა მოსამართლეებზე საქმეებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

ამის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების სავარაუდო გაჟონვას ჰქონდა ადგილი. ახვლედიანი არასამთავრობო სექტორთან ერთად მოსამართლეთა ხელახალი დანიშვნის პროცედურების სასწრაფოდ შეჩერებას და საკითხზე სს საქმე აღიძრას ითხოვდა.

თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გვენეტაძემ 23 თებერვალს განაცხადა, რომ ახვლედიანის დათხოვნა ამ დისციპლინურ დევნასთან კავშირში არ არის.

ახვლედიანი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, მანამდე კი  ღია წერილით მთავრობას, პრეზიდენტს, პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

წერილში ახვლედიანი სასამართლოში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და გათავისუფლებას სწორედ ამ პრობლემებზე ღია საუბარს უკავშირებს. ყოფილი თავმჯდომარე ასევე შეხვდა არასამთავრობოებსაც, სადაც მან ე.წ. ტესტების სკანდალზეც ისაუბრა.

ის ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შიდა მოკვლევა ჩატარდა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს შესაბამისი მასალები პროკურატურაში არ გაუგზავნია. მისი მტკიცებით, ტესტებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს და ამიტომაც არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლო დანაშაული გადაფარა იუსტიციის საბჭომ მისი გათავისუფლებით.

სამშაბათს კი ახვლედიანმა ამ ტესტების სკანდალთან დაკავშირებით დამატებით დარღვევებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ზოგიერთ კომპიუტერში ინტერნეტი იყო ჩართული და გამოსაცდელი ან “საკანონმდებლო მაცნეს” ინფორმაციით სარგებლობდა ან პასუხები „ფლეშკით“ ჰქონდა შეტანილი.

ახვლედიანის თქმით, მისი მოხსნა არის პირდაპირი დევნა, რადგან მას მენეჯმენტის კუთხით არავითარი დარღვევა არ ჰქონდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისე გაათავისუფლა, რომ „აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებაზე“ პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა. ის “სასამართლოში არსებული კორუფციისა და კლანურობის” გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მისი თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო, ხშირად არ იმყოფებოდა სამსახურში, რეალურად ეჭვი დგებოდა საქმეთა მართლზომიერ გადანაწილებებზე და ამიტომ მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება, თუმცა ის კვლავ მოსამართლეა და როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

არასამთავრობოებში კი ახვლედიანის გათავისუფლების მოტივი იწვევს ეჭვს,  გათავისუფლების პროცედურების დარღვევაზეც ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ საკითხს  ბოლომდე გაჰყვებიან.