საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის („ტრასეკა“, TRACECA) საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ცხრა ქვეყნის დელეგაციის რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც საქართველოსა და ზოგადად რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს.
რეგიონული კონფერენცია, რომელსაც „ტრასეკას“ ბენეფიციარი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი – 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, თბილისში 18-19 თებერვალს ჩატარდა.
2014-2015 წლებში განხორციელებული „ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის ეროვნულმა კოორდინატორმა, ეკა ლალიაშვილმა პროექტის შესახებ მომზადებული განცხადება DFWatch-ს გამოუგზავნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტრასეკას“ ბენეფიციარ 9 ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველოცაა, გზების სტანდარტები საერთაშორისოს არ შეესაბამება. უმეტეს შემთხვევაში გზების უმეტესობა უსაფრთხო არ არის და ახალი გზების მშენებლობაც ხშირად უსაფრთხო სტანდარტებით არ ხდება.
განცხადებაში საუბარია რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელზეც. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს რეგიონში ყოველწლიურად 19,000-მდე ადამიანი, უმეტესად ახალგაზრდები, იღუპება, დაშავებულთა რაოდენობა კი 200,000-მდეა. ავარიების შედეგად მიღებული ზარალი 17 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რეგიონის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4%-ია.
რაც შეეხება საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს ქვეყანაში სულ 5992 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 511 ადამიანი გარდაიცვალა, 8536 კი დაშავდა.
2015 წელს კი 6432 ავარიაში უკვე 602 ადამიანი დაიღუპა და 9187 დაშავდა. საქართველოს ავტოსაგზაო შემთხვევები ყოველწლიურად 438 მილიონ დოლარამდე უჯდება, რაც ქვეყნის მშპ-ს 3.9%-ს შეადგენს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.