(Facebook.)

ძალოსან ქალთა ნაკრების წევრი, რომელიც ძალოსანთა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა, სასამართლოს მიმართავს და ფედერაციისგან დისკრიმინაციისთვის  მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

ამას გარდა, თათია ლორთქოფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

ამის შესახებ მან 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ორგანიზაცია „საფარის“ ხლმძღვანელ ბაია პატარაიასთან ერთად, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს.

„იმიტომ ამოვიღე ხმა, რომ მე ვალდებული ვიყავი ჩემი თავი დამეცვა, მიმემართა ადვოკატისთვის, რომ გამართულიყო სასამართლო და ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა. ეს ჩემპიონატი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კარიერული წინსვლისთვის და დიდი პერსპექრტივა იქნებოდა,“- განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილია.

დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების შესახებ სპორტსმენმა საჯაროდ 9 აპრილს ისაუბრა მამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და მწვრთნელ გელა მახარიშვილთან ერთად მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ფედერაციამ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება არ მისცა.

მანამდე კი ამ ფაქტს თათიას მამა სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურებოდა და ფედერაციას სპორტსმენის დისკრედიტაციაში ადანაშაულებდა.

“დღეს, 6 აპრილს, ბათუმში სტარტს იღებს ევროჩემპიონატი ძალოსნობაში. ქალთა ნაკრებს ამ წუთამდე წარმოადგენდა ევრო2018-ის ბრინჯაოს მედალოსანი, ჩემი ქალიშვილი თათია ლორთქიფანიძე, რომელიც ვერიფიკაციის პროცესში, 5 აპრილს მოხსნილი იქნა ასპარეზობიდან პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე ქალთა ნაკრების მთ. მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას მიერ, რომლის წინააღმდეგაც თათიას ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე არაერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი შევიწროებისა და აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით! რეაქციამაც არ დააყოვნა და დღეს თათია ვეღარ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ გამოვა ვერც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2020 წელს. რეალურად, სახეზეა სპორტსმენის მორალური მკვლელობისა და სახელმწიფო საბოტაჟის ფაქტიც, რადგან თათია ითვლებოდა ჩემპიონატის ფავორიტად. მე ვაპირებ სასამართლოში დავიცვა მისი უფლებები. მივმართავ ასევე ომბუდსმენს, დროულად ჩაერიოს პროცესში. პირადი მწვრთნელი, გელა მახარაშვილი იქნება მოწმე ყველა იმ უმსგავსობისა, რასაც თათიას წინააღმდეგ სჩადიოდნენ ფედერაციის მესვეურები. მთელ პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ ძალოსნობის ფედერაციას და განათლების სამინისტროს სპორტის მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს!”  – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ლორთქიფანიძე.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ სექსუალური შევიწროების ინცინდენტი და სპორტსმენის ჩემპიონატიდან მოხსნა ერთმანეთს უკავშირდება.

„დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თათიას ჩემპიონატიდან მოხსნის რეალური მიზეზი. ამ ერთი თვის განმავლობაში ფედერაციას არ უსაუბრია მედიასთან ამ საკითხზე, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს ეჭვს, რომ ეს ორი ინცინდენტი ერთმანეთთან კავშირშია“, – ამბობს ბაია პატარაია.

ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის მტკიცებით, ასპარეზობიდან მოხსნის მიზეზი ისაა, რომ თათია მწვრთნელების მითითებას არ ითვალისწინებდა და შეკრებებს აცდენდა.

ამას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი მომხდარს უსამართლობას უწოდებს.

“მე მინდა ერთი საკითხი გავაჟღერო. ეს არის ის უსამართლობა და საერთოდ გაუგებარია, არ მესმის ასეთი გადაწყვეტილება, როცა ადამიანს ბრინჯაოს მედალი აქვს, გავლილი აქვს დოპინგი და მასზე დიდი იმედები იყო ოლიმპიურ თამაშებში, რაღაც დისციპლინარული მკაცრი დასჯის გამო, ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპულ თამაშებში,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.