ახალი კანონით, რომელიც პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო, სექსუალური შევიწროების გამო პირი თავდაპირველად 300 ლარით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის კი 500 ლარით დაჯარიმდება ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს მიუსჯიან.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 102 ხმით დამტკიცდა.
პროექტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი თუ არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის ქცევა.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.