irakli alasania - candidate for defense minister

ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციებს იწყებს (DFWatch)


„თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ  ორშაბათს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციებს იწყებს.

როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის, თუმცა არჩევნების გზას არ გადაუხვევს და „არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე შეცვლის“.

მისივე თქმით, პირველი აქცია შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება და მას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება.  რაც შეეხება, შემდგომ აქციებს, ალასანიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ  ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.

„ქვეყნის მთავარი ინსტიტუციები მისი სიტყვების უსიტყვოდ შემსრულებლებს ჩაბარდა. პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე, ხოლო მისი პარტიაში ერთი კაციც  არ არის, ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება. დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით უდანაშაულობას, სამშობლოს პატიოსან სამსახურს 35 წელი მიუსაჯა.

„ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად.  კონსტიტუციური ნორმების სრული დაცვით და კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის. ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს. დღეს ხვალ, ზეგ  შეხვედრები გვექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან,  ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და  მეგობარი ქვეყნის დედაქალაქებს მივაწვდით,“ – აღნიშნა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ორშაბათს, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, რომლებიც თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი  განაჩენის გამოცხადებისთანავე  სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

აღნიშნულ საქმეზე მთავარმა პროკურატურამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა – გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს „სილქნეტი“ ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „სილქნეტს“ 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 4 102 872 ლარის ზიანი“.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ჯერ კიდევ 8 მაისს, ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში,  საპროტესტო აქციები და ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობის“ წინააღმდეგ, მათ შორის – ფიზიკურადაც, მომხრეების მობილიზება დაანონსა.

შეგახსენებთ,იმასაც რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთი საშუალო რგოლის თანამშრომელი  2014 წლის 28 ოქტომბერს  დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. ბრალდებულებს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, მაგრამ დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გირაოს გარეშე, თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

სწორედ ეს საქმე გახდა ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზი და ის, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციაში გადავიდა.