საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უსწრაფესად, სამ დღეში განიხილა და მიიღო კიდეც, საკონსტიტუციო სასამართლოშივე გასაჩივრდება.
შესაძლებელია, სარჩელი თავად პრეზიდენტმა შეიტანოს. ყოველ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს ამას ურჩევს და გიორგი მარგველაშვილთან ამ საკითხზე პირველი შეხვედრაც ორშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
არასამთავრობოები, რომლებიც ცვლილებებს აპროტესტებენ, პრეზიდენტს სთხოვენ, რომ დრო გაწელოს, რათა მათ საკონსტიტუციო სარჩელის კარგად მომზადების საშუალება მიეცეთ, ასევე იმასაც, რომ ამ კანონს სწრაფად არ დაადოს ვეტო, რადგან პარლამენტი მის დაძლევას შეძლებს.
კიდევ ერთი თხოვნა აქვთ, რომ სარჩელი თავად პრეზიდენტმა შეიტანოს.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ DFWtch-ს განუცხადა, კონსულტაციები ისევ გაგრძელდება, თუმცა კანონპროექტი ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილი არ არის და, ამდენად, გადაწყვეტილებაც ჯერ მიღებული არაა.
„როცა კანონპროექტი გადმოიგზავნება, პრეზიდენტი შემდეგ გადაწყვეტს როგორ იმოქმედებს. არასამთავრობოებთან კონსულტაციები გრძელდება,“ – ამბობს მიშველაძე.
„საკონსტიტუციო სასამართლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იქცა გამაღიზიანებელ ინსტიტუციად, რომელიც ცდილობს, ეფექტურად გააკონტროლოს მათი საქმიანობა. ბევრი მექანიზმის გამოყენება სცადა ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს იყო გარკვეული ზეწოლა მოსამართლეებზე, ეს იყო მათთან კომუნიკაციის გამოყენების სხვადასხვა საშუალება. ვეტოს გამოყენება ამ პროცესს კიდევ დატოვებს პოლიტიკურ ჭრილში და ის მაინც დაიძლევა, ამიტომ ბევრად სწორი იქნება პრეზიდენტმა არ დაადოს ვეტო,“ – განაცხადა ა/ო „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.
პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.
ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „გირჩმა“ – და, ასევე, უმრავლესობაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ.
ეს ცვლილებები დიდი კრიტიკის საგანია არასამთავრობოებში. კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც თვლის, რომ პროცესი პროცედურული დარღვევებით წარიმართა.
არასამთავრობოების მხრიდან დაჩქარებულად და გაუმჭირვალედ მიღების გარდა, პროტესტის მიზეზი თავად ცვლილებებია, რომელიც, მათი მტკიცებით, ხელისუფლებისთვის ყველა არასასურველი გადაწყვეტილების დაბლოკვას, შედეგად კი საკონსტიტუციო სასამართლოს სრულ პარალიზებას გამოიწვევს.
არასამთავრობოები არაკონსტიტუციურად უპირველესად მიიჩნევენ გადაწყვეტილების მისაღებად ძალიან მაღალი კვორუმის დაწესებას. კონკრეტულად, დღეს პლენუმის ჩასატარებლად საკმარისია სასამართლოს სრული შემადგენლობის 9 წევრიდან 6-ის დასწრება, კანონპროექტით კი უნდა დაესწროს – 7, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სრული შემადგენლობის 2/3-ის ანუ 6 წევრის ხმა. დღეს საკმარისი იყო 5 ხმა.
ცვლილების მიხედვით, ნებისმიერი დავა, რომელიც შეეხება ორგანული კანონის კონსტიტუციურობას ადამიანის უფლებებთან მიმართებით, უნდა განიხილოს პლენუმმა ზემოხსნებული კვორუმის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხებში მოიაზრება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავები, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ასევე სადავო ნორმის შეჩერების და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოითხოვს სასამართლოს მხრიდან სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას. არასამთვარობოები აცხადებენ, რომ ეს კონკრეტული ცვლილება იწვევს სწორედ საკონსტიტუცუციო სასამართლოს სრულ პარალიზებას.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მხარის მიერ შეტანილი სარჩელების მიხედვით შეაჩერა კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნისა და ასევე დაუყოვნებელი აღსრულების ნორმები, რის გამოც “ქართული ოცნების“ მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს ასრულებდა. ახალი ცვლილებით კი რაიმე ნორმის შეჩერება, თუკი ხელისუფლება ამას ეწინააღმდეგება, წარმოუდგენელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში მყოფი 9 მოსამართლიდან “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული მხოლოდ ერთი – მერაბ ტურავაა. დანარჩენები წინა ხელისუფლების დროს, 10 წლის ვადით შეირჩნენ. „ნაციონალების“ მიერ შერჩეული 8 კანდიდატიდან ოთხს უფლებამოსილების ვადა ივლისში ეწურება. ახალი წევრებიდან კი ერთს პარლამენტი ნიშნავს, ერთს – უზენაესი სასამართლო და ორს პრეზიდენტი შეარჩევს, რაც, ცვლილებების მიღების შედეგად, ძალთა ბალანსს „ქარული ოცნების“ სასარგებლოდ შეცვლის.
როგორც ა/ო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, დიდი ალბათობით შესაძლებელია ხელისუფლებამ თავისი და უზენაესი სასამართლოს კვოტით ლოიალური 2 მოსამართლე შეარჩიოს, რომელიც მისთვის არასასურველ საკითხებს დაბლოკავს.
მეორე საპროტესტო საკითხი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციოს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც 10-წლიანი ვადა გასდით, ბოლო 3 თვეში საქმეების არსებით განხილვებში მონაწილეობის უფლებამოსილება არ აქვთ, ეს კი 10-წლიანი უფლებამოსილების ვადას არღვევს.
გიორგი გოცირიძის თქმით, ესეც პრობლემაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები ახლოვდება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 4-ს უფლებამოსილების ვადა ივლისში ეწურება, ახლის არჩევა კი სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, ამდენად სექტემბრის ბოლომდე 4 მოსამართლე ვერანაირ საქმეს, მათ შორის საარჩევნო დავებს ვერ განიხილავს, რითაც სასამართლოს პარალიზება ხდება.
მესამე საკითხია ის, რომ უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება – ანუ, არა მარტო სარეზოლუციო ნაწილი, როგორც დღესაა, არამედ სამოტივაციო ნაწილიც. სამოტივაციო ნაწილის მომზადებას და განსხვავებული აზრის დართვას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, რაც პროცესს გააჭიანურებს.
აღსანიშნავია ის, რომ ამგვარი ნორმის არარსებობის გამო გახდა შესაძლებელი გასული წლის სექტემბერში ერთი დღით თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ბრალდებულის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გადამეტება, ახალი ბრალდების წაყენების გარეშე. უგულავა კი პატიმრობაში 14 თვე იმყოფებოდა, რადგან მას თითქმის ერთდროულად წაყენებულ ორი ბრალდებიდან ერთზე აღმკვეთი ღონისძიება 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ შეეფარდა. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი „ოცნების“ მიერ დანიშნულმა მოსამართლე მერაბ ტურავამ არ მოაწერა, მიზეზად დაასახელა ის, რომ საქმეზე სამოტივაციო ნაწილი არ ჰქონდა მომზადებული. ამის მიუხედავად გადაწყვეტილება უმალვე გამოქვეყნდა და უგულავამ შეძლო სანამ სასამართლო პირველ საქმეზე განაჩენს გამოაცხადებდა, ერთი დღით საპატიმრო დაეტოვებინა.
არასამთავრობოების ნაწილის თქმით, ეს ცვლილებებიეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ვენეციის კომისიის შეფასებებს, და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს პარალიზებას, რადგან ვერც ერთი საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოხდება.
არასამთავრობოებს, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, მიაჩნიათ, რომ „მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები უხეშად არღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების დასუსტებისა და პროცედურათა გართულების გზით მისი ეფექტურობის შემცირებას და ფაქტობრივ პარალიზებას.”
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.