ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ისინი თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, ამიტომ განაჩენის გამოცხადებისთანავე ხუთივე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. 

ადვოკატები აპირებენ, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს „ბრალად ედებოდათ  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა.“ საუბარია საბიუჯეტო სახსრებზე – 4 მილიონ ლარზე.

„… გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ ჯამში უნდა გადაუხადოს 6 720 877.42 ლარი და სანაცვლოდ მიიღოს  მხოლოდ  2 618 004.82 ლარის ღირებულების ქონება/საქონელი/მომსახურება. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგეს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საპროტესტო აქციები და ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობის“ წინააღმდეგ, მათ შორის – ფიზიკურადაც, მომხრეების მობილიზება დაანონსა,  პარტია მსჯავრდებულთა დასაცავად როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

მანვე აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას პარტიის ოფისში გააკეთებს. თუმცა როდის, არ დაუკონკრეტებია.

თუმცა DFWatch-თან ინტერვიუში პარტიის გამგეობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ალასანიას აქციები არ დაუანონსებია.

„ახლა არანაირი აქციების დაგეგმვა  არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიდგებით მათი უფლებების დასაცავად. თუმცა,  დაანონსება, რომ ამის გამო მასშტაბურ აქციებს ვიწყებთ,  ყველა პოლიტიკური ძალის ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდება… ეს არც ირაკლი ალასანიას უთქვამს და არც არავის უგულისხმია,“ – თქვა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი საშუალო რგოლის თანამშრომელი დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. ბრალდებულებს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

სწორედ ეს საქმე გახდა ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზი და ის, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციაში გადავიდა.