პროკურატურამ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. ბრალის დადგენილება 7 აპრილს არის გამოტანილი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავას ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქმეს გრიფით “საიდუმლო” ადევს, თუმცა ბრალის დადგენილებაში ნათქვამია, ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე.
გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში, საკუთარი სახლის სიახლოვეს მოკლეს. კილერმა მას თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალა. მკვლელობის ბრალდებით მოსკოვში დააპატიმრებულია 4 პირი, ოთხივე ეროვნებით ქართველი.
მაშინ რუსეთის სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დანაშაულს შეკვეთილი ხასიათი ჰქონდა.
2004 წელს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაძაბული ურთიერთობების დროს, რომან დუმბაძემ ოფიციალურად განაცხადა უარი დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს.
დუმბაძე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, რუსი გენერლის, ვიაჩესლავ ბორისოვის მოთხოვნით, დუმბაძე 12 ქართველ სამოქალაქო ტყვეზე გაცვალეს. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
დუმბაძის მკვლელობისას მისი ერთ-ერთი მეგობარი, მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა აცხადებდა, რომ დამკვეთებმა მკვლელებს 150 000 აშშ დოლარი გადაუხადეს და მკვლელობა კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი უფროსი დათა ახალაიას შეკვეთით მოხდა, რასაც ქილერებმა ჩვენებაში პირდაპირ მიუთითეს კიდეც.
მეგის ქარდავა ძმების – ბაჩო და დათა ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ქარდავა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან მიმალვაშია. ის პროკურატურის მიერ რამდენიმე საქმეში დამნაშავედაა ცნობილი და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქარდავა ბრალდებულია: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის მიმართ წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებაში; ასევე გალის რაიონის მკვიდრი მალხაზ არქანიას წამების რგანიზებაში; ე.წ. კასრების საქმეში; ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძის და მოქალაე გიორგი გორელაშვილი წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეში; ციხის ბუნტის ორგანიზებაში.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მეგის ქარდავა ჯერ მე-7 საპყრობილის დირექტორი იყო, მაშინ როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ 2007-2009 წლებში შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, იმ პერიოდში კუდ-ის უფროს იყო დათა ახალაია. ის ასევე იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო.
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, გენერალი დუმბაძე საქართველოს მოქალაქე არ იყო და შესაბამისად, სამართლებრივადაც კი არ ჰქონდა საქართველოს პროკურატურას უფლება, გამოძიების წარმოების.
ადვოკატი პროკურატურას რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ძიება კრემლის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობს და ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებლობა, ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.
ის ასევე დასძენს იმას, რომ მიმდინარეობს ძიება ასევე გენერალ ბორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.