ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, შესაძლოა ეს მოხდეს 2-დან ან 6 თვემდე პერიოდში და მის ირგვლივ შეკრებილ „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ არჩევნების მოგების შანსი აქვთ, რაც კარგად იციან „კლანებმა და ოლიგარქებმა“, რაზეც ძალიან შფოთავენ და ამიტომ მთელი მათი პროპაგანდა მის წინააღმდეგაა მიმართული.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს ღამით, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას ისაუბრა.
ოდესის გუბერნატორმა საუბარი იმით დაიწყო, რომ უკრაინაში არაკორუმპირებული მთავრობა უნდა დაკომპლექტდეს და რეფორმების გატარება სწრაფად უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავისი გუნდით ოპოზიციურ ბანაკში გადაინაცვლებს.
მისი განცხადებით, პირად საუბრებში ეს არაერთხელ აქვს ნათქვამი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, ამდენად ორშაბათს, საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზეც სწორედ ეს მოწოდება გაახმაურა, რასაც ულტიმატუმის არ ფორმა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწოდებები უკრაინულმა მედიამ პოროშენკოს მისამართით ულტიმატუმად შეაფასა.
„ულტიმატუმი არასწორი ტერმინია. მე უკრაინის პრეზიდენტს ვხვდები, ძალიან ხშირად ველაპარაკები ტელეფონით და საჯაროდ გავიმეორე ის, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ იაცენიუკის გაშვებას არავინ არ აპირებდა. ეს არის იმ პროცესის დაგვირგვინება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება არა მოლაპარაკებით და დეპუტატების გადაბირებით შედგენილი მთავრობა, არამედ ისეთი მთავრობა, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.
„ყველა გამოკითხვებით კარგად ჩანს, რომ მილიონობით ადამიანი გვიჭერს მხარს და პრესკონფერენციაზე მე მათი სახელით ვისაუბრე. ვისაუბრე ასევე იმაზე, რომ არსებობს უკრაინელ პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომელთაც მართვის სადავეები უნდა გადასცენ, თუკი გვინდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს,“- აღნიშნავს სააკაშვილი.
ის უკრაინის პრეზიდენტს სამ მოთხოვნას უყენებს: პარლამენტმა დაამტკიცოს ის მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება; თანამდებობიდან გათავისუფლდეს დავით საყვარელიძის ნაცვლად ოდესის ახლადდანიშნული პროკურორი და სს საქმე აღიძრას ქალაქ ოდესის მერის წინააღმდეგ.
ოდესის გუბერნატორმა დავით საყვარელიძის მოხსნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის უკრაინაში „მეგაპოპულარობით“ სარგებლობს და მისი მოხსნა ადგილობრივი კლანების ისტერიული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა, რაც „სეპარატისტებისა და ბანდიტების“ წინაშე „უკრაინული სახელმწიფოს კაპიტულაცია“ იყო.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის შეთავაზებულ თანამდებობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე, ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ ეს მისი ადგილი არ არის.
„პრეზიდენტის შემდეგ ეს მეორე თანამდებობა იყო. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი მართავს ათობით, ასობით მილიარდობით თანხას. ადმინისტრაციის უფროსი ვინც იყო, (ახლა) აბსოლუტურად ყველა მილიარდერია. მილიარდების გაკეთება რომ მდომებოდა, ასეთი კი არ ვიქნებიდი?! მე საჯარო სამსახურში ცხოვრებაში არ გამიკეთებია ფული და არც გავაკეთებ. ეს არ არის ჩემი ადგილი. მე მინდა, ვიმუშაო იქ, სადაც საქმე კეთდება ხალხისთვის. იმას უნდა მივაღწიოთ, რომ უკრაინაში მილიარდები აღარავინ არ გადაინაწილოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს შეუძლია მილიარდების გაკეთება, მაგრამ არ შეუძლია ისეთი რეფორმების გატარება, როგორც მე ვისურვებდი,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინაში 10 მარტს პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადადგა, ახალს კი პარლამენტი ვერ ამტკიცებს, რადგან პრემიერობის კანდიდატი, ვლადიმირ გროისმანი და პრეზიდენტის პარტია ზოგიერთი მინისტრის თაობაზე ვერ თანხმდებიან. ორი დღეა მიდის საუბარი იმაზე, რომ მთავრობას უმაღლესი რადას სპიკერის ვლადიმირ გროისმანმა უნდა ჩაიბაროს, რის გამოც უკმაყოფილებას არ მალავს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მან პრეზიდენტსა და მის მეგობარ პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმებიც კი წაუყენა. თუკი დაპირებულ რეფორმები არ გატარდება და პრეზიდენტი არსებულ ვითარებას არ შეცვლის, ის თავისი რეფორმატორების გუნდით ოპოზიციაში გადავა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.