რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა კიდეც, ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა.
“ანატოლი ხრულიოვმა აფხაზეთის პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულების მზადყოფნა გამოთქვა,” – ნათქვამია რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
საერთოდ, ამ თანამდებობაზე გადამდგარი რუსი გენერლების დანიშვნა აფხაზეთში უკვე ტრადიციად არის ქცეული. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ხრულიოვმა კიდევ ერთი გადამდგარი რუსი სამხედრო, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ვასილჩენკო შეცვალა (ხრულიოვს უფრო მაღალი წიდება აქვს – ის გენერალ-ლეიტენანტია). მანამდე კი, 2003-2010 წლებში ამ პოსტს გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ზაიცევი იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში მოსკოვმა და სოხუმმა „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის შემდგომ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სხვა საკითხებთან ერთად ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას.
ანატოლი ხრულიოვი 2008 წლის ომის დროს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58–ე არმიის მეთაური იყო და 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა, როდესაც რუსეთის სამხედრო კოლონას, რომელსაც ის ახლდა, ქართულმა ძალებმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ცეცხლი გაუხსნეს.
აღსანიშნნავია, რომ ამ დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 მაისს, “პრეზიდენტი” რაულ ხაჯიმბა სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.