ადამიანების ჯგუფს, რომელსაც 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდა, მოუხდა აქციის კონსპირაციულად, საიდუმლო ადგილას დაგეგმვა, რომელიც პოლიციის მიერ იყო კონტროლირებული.
აქციაზე მოხვედის მსურველები, ისევე როგორც ჟურნალისტები, ინტერნეტით წინასწარ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ შეკრებაზე ჰომოფობიური შეხედულებების პირებს არ შეეღწიათ.
რამდენიმე ათეული ადამიანი დილის 11 საათზე ვაკეში, მრგვალ ბაღში შეიკრიბა. ბაღს ბევრი შესასვლელი აქვს და მისკენ რამდენიმე ქუჩა მიდის, რასაც საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციის შესაძლებლობა უნდა მოეცა. შეხვედრაში უმეტესად ახალგაზრდები იღებნენ მონაწილეობას, რომლებსაც ყველა მხრიდან პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იცავდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი პოლიციელთა ნაწილი ყვითელ ავტობუსებში იყო მობილიზებული.
შეკრება წყნარად წარიმართა, ყოველგვარი ლოზუნგების, შეძახილების, სტვენისა და მეგაფონის გარეშე, რითაც საკითხის სენსიტიურობას გაესვა ხაზი.
ამავდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი საწინააღმდეგო აქციაზე შეიკრიბა, მრგვალი ბაღიდან არც ისე შორს, ისე, რომ არც იცოდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული შეკრების შესახებ.
წლევანდელი შეკრების მთავარი გზავნილი იყო სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ მიიღო და რომლის ძალითაც საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისს დაზარალებული ადამიანებისთვის 33,000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებაა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს, ისევე როგორც ყველა კანონიერი დემონსტრაციის მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა,“ – პოსტერები, რომელიც მონაწილეებმა შეკრებაზე მოიტანეს, ძირითადად სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ციტირებდა.
ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაცია “იდენტობის” თავმჯდომარე, ამბობს, რომ დღევანდელი შეკრება მიეძღვნა სწორედ სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია ადამიანების მიერ ერთმანეთის პატივისცემას ნიშნავს. ამიტომაც, მონაწილეებმა პლაკატებზე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოწერილი ციტატები გადმოიტანეს.
შეკრების კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ უმცირესობების დასაცავად მხოლოდ ნორმალური კანონმდებლობა საკმარისი არ არის – კანონს ნორმალური აღსრულება სჭირდება.
ზოგიერთს კი მიაჩნია, დღევანდელი შეკრება იმის დასტური იყო, რომ შესაძლებელია, ადამიანმა გამოხატოს აზრი ისე, რომ მას თავს არ დაესხან, თუმცა სხვები საკუთარი აზრის გამოსახატავად ამ დონის გასაიდუმლოებას კომიკურს უწოდებენ.
იმავე დილით რამდენიმე ადამიანი ვაჩნაძის ქუჩაზე შეიკრიბა, სადაც 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. შეკრება 15 წუთს გაგრძელდა. მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები და ქოლგები წარწერით “კონსტიტუციის 25-ე მუხლი”, რომელიც შეკრების თავისუფლების გარანტიას იძლევა. შეკრება ონლაინ კამპანიის -“ეს ქუჩა დაკავებულია” – გაგრძელება იყო, რომელიც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს” ეკუთვნოდა.
მესამე შეკრება კი უკვე პროკურატურის შენობასთან, “ლგბტ საქართველოს” ორგანიზებით, პოლიციის მხარდაჭერის გარეშე გაიმართა. აქ 30-მდე ადამიანმა საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვა სქესის შეცვლისას პირადობის მოწმობაშიც ამის გაკეთების გასამარტივებლად. აქციის მონაწილეები, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012 წლის 17 მაისთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვდნენ.
„ყველა თანასწორია“, „მე სქესი შევიცვალე, შენ ID შემიცვალე’ – ასეთ წარწერებს ნახავდით მონაწილეთა პლაკატებზე, ისევე როგორც ცისარტყელის ფერებიან ლგბტ დროშებს. ეს შეკრებაც ინციდენტების გარეშე დასრულდა.
ლგბტ ადამიანთა საწინააღმდეგო აქცია კი “რუსთაველის” მეტროსთან ჩატარდა. ის წინა წლებთან შედარებით გაცილებით მცირერიცხოვანი იყო (რამდენიმე ათეულ ადამიანი) და მასშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სასულიერო პირები. მათ განაცხადეს, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ, რომელიც გასულ წელს კათოლიკოს პატრიარქმა გამოაცხადა. დემონსტრაცია სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით გაგრძელდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.