თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისი ორი წინამორბედის დავაში, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების დადებას უკავშირდება, ირაკლი ალასანიას საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს და ამ ხელშეკრულების გაფორმებას მთლიანად მინდია ჯანელიძის დამსახურებად მიიჩნევს.
ამის შესახებ განცხადება თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში გააკეთა და თქვა, რომ „საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე იყო სურვილების კრებული.“
მისივე განმარტებით, ხელშეკრულების დახვეწაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება და მას ხელი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს მოეწერება.
პარასკევს თინა ხიდაშელი გაემგზავრა პარიზში, სადაც ფრანგ კოლეგას, ჟან-ივ ლე დრიანსა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიების იმ წარმომადგენლებს შეხვდება, რომელთანაც საქართველო თანამშრომლობას აპირებს. საფრანგეთიდან კი მინისტრი შვეიცარიასა და ავსტრიაში გადაფრინდება, სადაც, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ფორუმებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„არ არის ეს დოკუმენტი სკანდალური. არანაირად არ არის. არის მცდელობა იმის, რომ ის გახადონ ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბად, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივადაა ამ დოკუმენტთან მიმართებაში. მისი დახვეწის დასრულების პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალი ტემპით და ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლოს მოხდება ხელმოწერა.
„სწორედ მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო ამ ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ მხარეზე მუშაობა და ეს პროცესი ჩვენ გავაგრძელეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, როცა ქვეყანა ასეთი ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს, იქ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ მხრივ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს,” – განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა იმ სატელეფონო საუბრის დეტალების გარკვევას, რომელზეც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა, მისი განცხადებით, ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ხელშეკრულება, როგორც ფაქტი, ხელთა აქვს.
„მინდია ჯანელიძის დროს, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზულად მიდიოდა, ვიდრე მანამდე. ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა სწორედ მინდია ჯანელიძის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული,“ – ამბობს ხიდაშელი.
ალასანიას გუნდის წარმომადგენელი, ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი იყო ევროინტეგრაციის საკითხებში და თანამდებობა შარშან ოქტომბერში ალასანიასთან ერთად დატოვა, DFWatch-თან თინა ხიდაშელის საპასუხოდ ამბობს, რომ „თინა თუ გააკეთილშობილებს მინდიას, თორემ იმის თქმა, რომ ეს შეთანხმება მინდიამ რამე სახეს დაამგვანაო, ცოტა რთული სათქმელია.
„მთავარი პარამეტრები, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური, შეთანხმებული იყო ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს და ის იყო ყველაზე მთავარი, რომ პოლიტიკური შეთანხმება უმაღლეს დონეზე იყო მიღწეული. გარდა ამისა, იმ ეტაპისთვის, რაც საჭირო იყო, გავლილი იყო ყველა დონეზე და საქმის კურსში იყო და ჩართული იყო, როგორც ფინანსთა მინისტრი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი,“ – ამბობს პეტრიაშვილი.
თავდაცვის მოქმედი მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება ალასანიას გუნდისთვის აღიქმება თავის მოწონების მცდელობად ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც დღმედე ითვლება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებად მიუხედავად იმისა, რომ მას ხელისუფლებაში არანაირი თანამდებობა არ უკავია.
„ეს არის მიმართული იქითკენ, რომ თინამ გაამართლოს ბიძინას იმედები. სახელისუფლებო ვერტიკალი გადასულია სრულ შეტევაზე, ხან თეა, ხან თინა და მათ ეს ამოცანები დაუსახა ბიძინამ და შესაბაბმისად, ისინი თავის ერთგულებას ბიძინას ალასანიაზე შეტევის მიტანით უმტკიცებენ,“ – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
ირაკლი ალასანიამ შარშან ოქტომბერში გააკეთა განცხადება, რომ მაშინ, როდესაც ის საფრნაგეთში იმყოფებოდა საფაერო თავდაცვითი სისტემების შეძენაზე ფრანგულ მხარესთან ხელმოწერის გასაფორმებლად, მას დაურეკა მინიდა ჯანელიძემ, რომელიც იმ დროს პრემიერ-მონისტრის დაქვემდებარებული ორგანოს – კრიზისების მართვის საბჭოს – ხელმძღვანელობდა და პრემიერ-მინისტრის სახელით უთხრა, რონ ამ ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოეწერა.
ალასანია ამბობს, რომ ამაზე უარი თქვა და შეთანხმებას ხელი მაინც მოაწერა, რასაც მასზე ზეწოლის მიზნით კორუფციის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა. ამის შემდეგ ალასანია თავისი გუნდით ოპოზიციაში წავიდა და მის ადგილზე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მინდია ჯანელიძე, რომელსაც ალასანია თვეების განმავლობაში საფფრანგეთთან ხელშეკრულების ფაქტობრივ ბლოკირებაში ადანაშაულებდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.