მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამოიწურა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენის ვადა, რომელიც ერთი კვირის წინ პრემიერმა ფინანსთა მინისტრს განუსაზღვრა, ისევ უცნობია, სეკვესტრი როგორი იქნება.
სეკვესტრირებული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისთვის ფინანსთა მინისტრს საბოლოო ვადა 10 ივნისამდე ჰქონდა. ერთი კვირის წინ პრემიერმა ნოდარ ხადურს, ფინანსთა მინისტრს, დაავალა, რომ 1 კვირაში უწყებებთან კონსულტაციები გაემართა და პროექტი 10 ივნისს მზად ყოფილიყო.
ერთი კვირის წინ ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ამ დავალებას დაგეგმილ ვადაში შეასრულებდა, მაგრამ ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ პროექტის წარდგენის ვადამ ისევ ერთი კვირით გადაიწია. შესაბამისად უცნობია, რამდენით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტი და ასევე ეს შემცირება როგორ გადანაწილდება უწყებების მიხედვით.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, გათვალისწინებულია, რომ ეკონომიკური ზრდა, ნაცვლად 5%-ისა იქნება 2%, ხოლო ინფლაცია – 3%.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები – საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი – გასული წლის მიწურულს 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა ორივე ამ ორგანიზაციამ პროგნოზი 5%-მდე შაემცირა.
„ერთი რამ, რაც დღეს ნამდვილად გადაწყვეტილია, სახაზინო ვალდებულების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება ან ეკონომია, ან პირიქით, შესაძლოა გაზრდაც,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელიც დახურული ფორმატით გაიმართა და უცნობია, მთავრობის წევრებმა ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით რა თქვეს.
ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუ რა მიმართულებით შევიდა კორექტირება მთავარ საფინანსო დოკუმენტში, თუმცა ცნობილია, რომ ხარჯების შემცირება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებს არ შეეხება და ის ძირითადად ადმინისტრაციულ ხარჯებზე აისახება.
მინისტრების ნაწილს კი სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიზეზად უწყებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მცირე თანხები სახელდება.
ეკონომიკური ექსპერტები კი მთავრობას ურჩევენ, მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები არ შეამციროს და ყველა პროექტს თანაბრად გადხედოს.
ისინი ამბობენ, რომ ამ მიდგომით საბიუჯეტო სტაბილურობა მეტ-ნაკლებად დაცული იქნება და ლარის გაუფასურების შეჩერებასაც შეუწყობს ხელს.
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში სავარაუდოდ, თვის ბოლოს შევა. იქამდე კი დოკუმენტის საბოლოო ვერსია მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.