ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულებს – რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა სწორედ 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლო ვალდებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები გაათავისუფლოს.
არ განთავისუფლება მხოლოდ ერთი ბრალდებული – კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, რომელიც სხვა საქმეზეა მსჯავრდებული.
პროკურატურა კუდ-ის 6 თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში ედავება. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები ახორციელებდნენ თვალთვალს ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და ამ მიზნით ამონტაჟებდნენ ჩამწერ საშუალებებს ბინებსა და სასტუმროებში. მათგან ოთხიი აპრილში დააკავეს, ორი კი – იძებნება.
ამ საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი აცხადებს, რომ განხილვას თავად ადვოკატები ხელოვნურად აჭიანურებენ, რათა გადაწყვეტილების გამოტანამდე ამოიწუროს 9-თვიანი პატიმრობის ვადა და ბრალდებულები გათავისუფლდნენ.
მისი თქმით, საქმის განხილვა პრაქტიკულად ერთი თვეა არ განახლებულა და ყველა სხდომა, რომელიც დანიშნული იყო, ადვოკატების მიზეზით გადაიდო.
ამ ბრალდებას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აბსურდულს უწოდებს. ამბობს, რომ საქმის მასალები იმდენად დიდი იყო, რომ განხილვა 9 თვეში ვერ დასრულდებოდა.
„ბრალდების მხარის არგუმენტები უბრალოდ თავის მართლებაა. რეალურად ეს ადამიანები ტყუილად ჰყავდათ პატიმრობაში და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე დადგება ის შედეგი, რომ ბრალდებას მოუწევს პასუხი აგოს ბრალდებულების უკანონო პატიმრობის გამო“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ აქტიური გამოძიება მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირად ცხოვრებაზე უკანონო ჩანაწერები გავრცელდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.