ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება.
სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ქმდებები შედეგს ვერ მოგვცემს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ყოველდღიურად მსოფლიოში ჰაერის დაბუნძურებით 18 000 ადამიანი კვდება.იმ ქვეყნების სიაში კი, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზეა.
ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის დიოქსიდი.
საქართველოში ჰაერს ძირითადად ავტოტრანსპორტი, ასევე ენერგეტიკული, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ობიექტები აბინძურებს. მათგან დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ჰაერი განსაკუთრებულადაა დაბინძურებული. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდეც ყველაზე მეტად დაბუნძურებული ადგილები. თბილისში ეს არის ისნის მეტროსა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მელიქიშვილის გამზირი.
ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებით მძიმე ზემოქმედება აქვს ისეთ მგრძნობიარე და მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ორსულები, ბავშვები, მოხუცები, დაავადებული ადამიანები, ასევე დაბალშემოსავლიანი ჯგუფები. დაბინძურებული ჰაერი მრავალი დაავადების გამომწვევია. მათ შორის გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების, ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების პათოლოგიების, დიაბეტის, კიბოს და ა.შ.
ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაში, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა, გარემოს დაცვის საკითხებზე საკმაოდ ვრცლადაა საუბარი. ნათქვამია, რომ თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას, რათა მოხდეს გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გამკლავება, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ჰაერის ხარისხი; წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, მათ შორის წყალდიდობის რისკის მართვა, წყლის რესურსების სიმწირე და გვალვები, ასევე საზღვაო გარემო; ნარჩენების მართვა; ბუნების დაცვა და ა.შ.
„თანამშრომლობა, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას; ორმხრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას… საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობ(ას), განსაკუთრებით, მხარეების მიერ რატიფიცირებული მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების გათვალისწინებით, ასევე თანამშრომლობას შესაბამისი უწყებების ფარგლებში,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
ა/ო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ამბობს, რომ მათი ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. პირველ რიგში, იგი ყურადღებას იმ რეგულაციებზე ამახვილებს, რომელთა შემოღებაც მომდევნო წლებშია საჭირო.
ამბობს, რომ ვინაიდან დაბინძურების ყველაზე მთავარი მიზეზი ტრანსპორტია, ვალდებულებების დიდი ნაწილი სწორედ საწვავის ხარისხს უკავშირდება.
თუ გვინდა ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებისაგან დავიცვათ, სპეციალისტის თქმით, შემდეგი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს – უნდა გაკონტროლდეს საწვავი და სატრანსპორტო საშუალებები, მოწესრიგდეს სატრანსპორტო მოძრაობა, უნდა განვითარდეს და ხელი უნდა შეეწყოს ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის შემოსვლას (ტრავმაი, ტროლეიბუსი და ა.შ.), აღდგეს ავტომანქანების შემოწმება, საწვავის ხარისხზე დიფერენცირებული გადასახადი შემოვიდეს და ა.შ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის გასაკეთებლად ევროკავშირი საქართველოს კონკრეტულ ვადებსაც უდგენს. ათვლა 2017 წლიდან იწყება და გეგმა 2020 წლამდეა გაწერილი. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღებაც მოუწევს, რათა ტრანსპორტის გამართულობა გაკონტროლდეს.
ასე რომ, ჩხობაძის თქმით, პრობლემის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება – მხოლოდ ერთი ღონისძიების განხორციელება არაფერს მოგვცემს.
„აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – გზების გამართულობა. ანუ სავალი ნაწილი მოწესრიგებული უნდა იყოს. ეს აუცილებლობაა, რათა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობის ნომერ პირველ რისკ ფაქტორად რომ დასახელდა, იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება სპეციალურ პროგრამას აუცილებლად მიიღებდა. ეს პროგრამა დიდი ხანია მომზადებულია. უბრალოდ აუცილებელია, რომ იგი მთავრობამ მიიღოს და ეტაპობრივად განხორციელოს. ჯერჯერობით ასეთი დადგენილება არ მიუღიათ,“ – აღნიშნავს ჩხობაძე.
ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მას მონიტორინგი ევალება. ჩხობაძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პირობაა, რადგან არასამთავრობო სექტორს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის რესურსი ნაკლებად აქვს. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, მარეგულირებელი დოკუმენტების მიღებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელებაა. იგი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო სექტორი ამ საკითხის მონიტორინგს ჯეროვნად განახორციელებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.