ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს საწვავის ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვას იწყებს, რაც წინა წლებში საერთოდ არ კონტროლდებოდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის კი ისეთი საწვავის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელშიც გოგირდის შემცველობა არსებულ ზღვრულ ნორმაზე მეტია.
საქართველოში გაყიდული საწვავი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგებს. სხვებთან ერთად, ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმების VI თავი, რომელიც მიზნად ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობასა და მოძრაობის მოწესრიგებას ისახავს.
კერძოდ, ასოცირებით საქართველო ვალდებული იყო მიეღო შესაბამისი კანონმდებლობა, რომლითაც თხევად საწვავში გოგირგის შემცველობას შემცირდებოდა, ვინაიდან ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამაბინძურებელი სწორედ საწვავში არსებული გოგირდია.
ევროგაერთიანების ქვეყნებში ასევე დიდი ხანია დაუშვებელია ტყვიის შემცველობა საავტომობილო ბენზინში 0.005 გ/ლ-ს აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ტყვია ონკოლოგიური დაავადებებს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გარემოს დაცვის სმაინისტრომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გეგმა შეიმუშავა. იმავე წელს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და გოგირდის შემცველობის ოპტიმალური რაოდენობის ზღვარი დადგინდა. ამავდროულად, ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
„საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ამ ყველაფრის მონიტორინგი გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს, ენერგეტიკის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს ევალება. ისინი შემოწმებას წინასწარი გაფრთხილებების გარეშე ატარებენ.
2016 წლის მაისიდან მსგავსი შემოწმება ორჯერ ჩატარდა – გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლებმა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯები აიღეს და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს. კვლევის თანახმად, ყველა ავტოგასამართ სადგურზე აღებული სინჯი დღეს კანონმდებლობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში იყო.
თუმცა, საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგი საზოგადოებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია და ბევრ სპეციალისტში ეჭვს ბადებს.
ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცის“ პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ადასტურებს, რომ საწვავის ხარისხზე ბოლო დროს გარემოს დაცვის სამინისტრომ საუბარიც დაიწყო და კონტროლიც. მისი თქმით, სამინისტროში ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ საწვავის ხარისხი ნორმალურია, რომ ტყვიისა და გოგირდის შემცველობა შემცირდა და ა.შ. თუმცა ფიქრობს, რომ ამას დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ამოწმებდეს.
ზოგადად, მისი აზრით, როდესაც ვინმე რამის ნებართვას გასცემს, მას უკან აღარ წაართმევს. ამიტომ, ნებართვას ერთი უნდა იძლეოდეს და მეორე აკონტროლებდეს. ის, რომ ჩვენ შემთხვევაში ნებართვასაც სახელმწიფო იძლევა და თავადვე ამოწმებს, სპეციალისტის აზრით, არასწორია.
„ბუნებრივია, ის არ იტყვის, რომ ცუდი ნებართვა გასცა. ანუ, სანდოობა დაბალია. საწვავის კონტროლი დამოუკიდებელ სტრუქტურებსა და ლაბორატორიებს უნდა ევალებოდეს, რომლებიც სახელმწიფოსა და ბიზნესის წნეხის ქვეშ არ მოექცევა.
„გარდა ამისა, რაიონებსა და სოფლებში ხშირად საწვავს კერძო პირები ყიდიან, სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან შემოტანილს. საწვავის ბიზნესში მსხვილი იმპორტიორების გარდა სრულიად გაურკვეველი სებიექტებიც არიან. არავინ იცის, რა ხარისხი აქვს ამ საწვავს. ეს მთლიანად ჩრდილოვანი პროცესია. ასე რომ, სახელმწიფოს მხრიდან ცნობილი კომპანიების საწვავის შემოწმება დიდი შედეგის მომტანი არაა,“ – აცხადებს მესხიშვილი.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებას ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრა უნდა, ამას მხოლოდ საწვავის ხარისხის ამაღლებით ვერ შეძლებს, რადგან პრობლემის მიზეზი მრავალია და გადაჭრაც თითოეულ მათგანს საჭირდება.
მესხიშვილი ამტკიცებს, რომ ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტოპარკია, რომელიც ჩვენთან ძალიან მოძველებულია, გამონაბოლქვზე კონტროლი კი არ არსებობს. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების 92% ავტომობილებზე მოდის, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით – 75%.
ამბობს, რომ ევროდირექტივები პერიოდული ტექნიკური დათვალიერების შემოღებასაც გვავალდებულებს, რაც მთავრობამ სამჯერ გადაავადა. ბოლო ვადა 2019 წლის 1-ელი იანვარია, თუმცა ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ავტომობლების ტქნიკური დათვალიერება 2018 წლიდან შემოვა.
„სწორედ ამ დღეებში ველოდებით, რომ ეკონომიკის სამინისტრი ოფიციალურად განაცხადებს, თუ რომელმა საკონსულტაციო კომპანიამ გაიმარჯვა. სტანდარტები მან უნდა შეიმუშავოს, მოძველებულ კანონმდებლობას გადახედოს და დანერგოს მოდელი, რომელიც კორუფციის რისკს ნულამდე დაიყვანს. ამ სიახლისათვის ქვეყანა მზად უნდა იყოს – საკმარისი რაოდენობის ცენტრები გაიხსნას, აღიჭურვოს, გადამზადდეს პერსონალი და ა.შ. ასე რომ , 2018 წლადე სამუშაო ძალიან ბევრია,“ – დასძენს მესხიშვილი.
მოსაზრებას, რომ საწვავის იმპორტიორების კონტროლს სახელმწიფო არ უნდა ახორციელებდეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა არ ეთანხმება. ამბობს, რომ კონტროლი სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა. დამოუკიდებელ ორგანიზაციებსა და არასამთავრობოებს კი საკუთარი ძალებით შეუძლიათ ამის გაკეთება.
„ოფიციალური კონტროლის მექანიზმი მხოლოდ სახელმწიფოს ექნება. ვალდებულება ასეთია,“ – აღნიშნავს კუჭავა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ საწვავის ხარისხის ევროსტანდარტებთან ეტაპობრივი მიახლოების კუთხით ბევრი ცვლილება განხორციელდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს.
„ამან გამონაბოლქვის შემცირება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უნდა განაპირობოს. მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის საწვავი გარემოს ნაკლებად აზიანებს,“ – დასძენს კუჭავა. დეპუტატის თქმით, საქართველო ამ მხრივ ასოცირებით დადგენილ ვადებში ჯდება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.