დეზინფორმაციისადმი მედეგობის, ისევე როგორც საზოგადოებისა და მთავრობის რეაგირების ზომების მხრივ ლიდერობენ რუმინეთი, უკრაინა და საქართველო, თუმცა მათაც ჯერ არ მიუღწევიათ ყველაზე მაღალი ნიშნულისთვის, ასეთ დასკვნას აკეთებს უკრაინული კვლევითი ორგანიზაცია საგარეო პოლიტიკური საბჭო – „უკრაინული პრიზმა“, რომელმაც კოვიდ-19 პანდემიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ფეიკებსა და მითებზე კვლევა ჩაატარა.
კვლევის თანახმად, რომლის სახელწოდებაა „კორონავირუსის გამოსაცდელი ტესტი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუმინეთის დეზინფორმაციისადმი მედეგობა“, ყველაზე დაბალი შეფასება აზერბაიჯანმა, ბელორუსმა და მოლდოვამ მიიღეს.
ამასთან, მთავრობის რეაგირების კუთხით ყველაზე მაღალი ქულა საქართველომ მიიღო (9-დან 6 ქულა). მას მოსდევს უკრაინა (9-დან 5 ქულა), ხოლო მოლდოვას შეფასება ყველაზე დაბალი აღმოჩნდა (0). მედიის საქმიანობისყველაზე მაღალი შეფასება რუმინეთს ერგო (4-დან 3 ქულა), ყველაზე დაბალი კი ბელორუსს (4-დან 1 ქულა).
სამოქალაქო საზოგადოების ქმედებები ყველაზე დადებითად უკრაინასა და რუმინეთში შეფასდა (ორივე ქვეყანამ 8-დან 7 ქულა ჰპოვა), ყველაზე სუსტი რეაგირება კი აზერბაიჯანსა და ბელორუსში იყო (8-დან 1 ქულა).
როგორც „უკრაინული პრიზმა“ აცხადებს, ამ კვლევის მიზანია ეროვნული ექსპერტების მიერ 2018 წელს გამოთქმული ზოგიერთი დაშვების გამოსაცდელი ტესტით შემოწმება, ისევე როგორც იმის გააანალიზება, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფოების მდგრადობა დეზინფორმაციისა და ფეიკების მიმართ.
„ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ დეზინფორმაციის წყაროები შეიძლება იყოს განსხვავებული (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური), ხოლო მათი შედეგები მსგავსი, ვინაიდან შესაძლოა წარმოშვან პანიკა, უნდობლობა სამთავრობო ღონისძიებათა მიმართ, ისევე როგორც გამოიწვიონ კრიზისების არასწორი მართვა,“ წერს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჰანნა შელესტი.
მისივე თქმით, კვლევამ ცხადჰყო, რომ მიუხედავად საზოგადოებრივ დისკურსში რუსული ნარატივების უწყვეტი მუსირებისა, პანდემიის დროს რუსეთის ფედერაცია არ იყო დეზინფორმაციის ერთადერთი წყარო და ამ აქტიურად ვრცელდებოდა როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ნარატივების. მიუხედავად ამისა, დეზინფორმაციისადმი ყველაზე მაღალი ხარისხის მოწყვლადობით კვლავ რუსულენოვანი მოსახლეობა ხასიათდება.
კვლევის შედეგების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას თითქმის არანაირი გავლენა არ მოუხდენია დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც გავლენა მოახდინა დეზინფორმაციულ ნაკადზე, იყო შესაბამისი სამთავრობო ორგანოების მიერ ინფორმაციის დროული, სათანადო და კოორდინირებული მიწოდება. როგორც კი მედიასა და საზოგადოებას უჩნდებოდათ ღია წვდომა ინფორმაციაზე (რეგულარული ბრიფინგების, ოფიციალური ვებსაიტების და ა.შ. საშუალებით), ივსებოდა საინფორმაციო ვაკუუმი, რაც, თავის მხრივ, ნაკლებ სივრცელს უტოვებდა ჭორებსა და მანიპულაციებს.
ყველა ქვეყანას შეექმნა ბალანსის პრობლემა, ერთი მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობასა (ზოგიერთი ამბის ან ონლაინ წყაროების ბლოკირების გზით) და, მეორე მხრივ, სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედია საქმიანობის უფლებას შორის. გარდა ამისა, მთავრობის მიმართ კრიტიკის ხარისხი ცალკეული ქვეყნის დემოკრატიულობის დონესა და მთავრობის ქმედებებისადმი ნდობასთან კორელაციაში აღმოჩნდა. მაგალითად, აზერბაიჯანსა და ბელორუსში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ოპოზიციის დასჯის მიზნით ინფორმაციის წყაროების დაბლოკვის გზით ადრე დაფიქსირებული მრავლობითი შემთხვევების გამო, ნებისმიერი ახალი შეზღუდვა დამატებითი ზეწოლად აღიქმებოდა, წერია კვლევაში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.