კოვიდპანდემიამ გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები დამატებითი პრობლემის წინაშე დააყენა. თუ აქამდე სირთულეები სოხუმის რეჟიმის მიერ ქართული ენის სწავლების შეზღუდვაში გამოიხატებოდა, დღეს ფაქტობრივად სწავლა საერთოდ შეჩერებულია. სკოლებში გაკვეთილების ჩატარება პანდემიის გამო აიკრძალა, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა კი ვერ ხერხდება.
ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბევრ მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპიუტერთან და გამართულ ინტერნეტთან წვდომა არა აქვს, რასაც ემატება დენის მიწოდების პრობლემა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პედაგოგი საკუთარი ინიციატივით მაინც ცდილობს ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას, რასაც როგორც წესი მოსწავლეების ნახევარზე ნაკლები ესწრება-ხოლმე.
სკოლები მიმდინარე სასწავლო წელს ტრადიციულად პირველ სექტემბერს დაიწყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 15 ოქტომბერს კლასები დაიხურა და მას შემდეგ არ აღმდგარა.
„სწავლა რეკომენდაციების დაცვით განვაახლეთ. ყოველდღიურად ტარდებოდა თერმოსკრინინგი, შემცირებული იყო გაკვეთილების ხანგრძლივობა და ისე იყო განაწილებული, დაწყებითი კლასის და უფროსი კლასის მოსწავლეების დასვენების წუთები, ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მასწავლებლებისთვის სავალდებულო იყო პირბადე და მიუხედავად იმისა, რომ არავინ გვამარაგებდა, საკუთარი მწირი რესურსით, მაქსიმალურად ვიცავდით. მალევე, საბერიოს სკოლაში ვირუსი დაფიქსირდა, ამიტომაც დაიკეტა. ცოტა მოგვიანებით კი ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა, 15 ოქტომბერს კი საერთოდ დაგვხურეს. დღემდე ამ რეჟიმში ვართ, ნათქვამია რომ 24 ნოემბერს განახლდება, თუმცა ამაზე ზუსტად საუბარი შეუძლებელია“, – განუცხადა DFWatch-ს საბერიოს სკოლის პედაგოგმა.
გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნონა შონია, DFWatch-თან საუბარში აღნიშნავს, რომ თუ სწავლა 24 ნოემბერს არ განახლდება, აუცილებელი იქნება, რესურსის მაქსიმალურად დისტანციური სწავლებისკენ მიმართვა, თუმცა თუ ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის საკითხი არ მოგვარდა, შედეგი სავალალო იქნება.
„გალის რაიონის ომამდელი საზღვრების სკოლებში, ისევე, როგორც მთლიანად აფხაზეთში, პანდემიის გამო, სწავლა 24 ნოემბრამდეა შეჩერებული. აქ პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა საშუალებას, რომ დისტანციურად ჰქონდეთ ურთიერთობა მოსწავლეებთან, თუმცა ინტერნეტის უქონლობა ან გაუმართაობა, ტექნიკური საშუალებების უქონლობა, როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს, არ აძლევს საშუალებას სათანადოდ ჩაერთონ დისტანციურ მეცადინეობაში. სკოლების ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის საქმეში თუ არ იქნა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, სავალალო შედეგებს მალე მოვიმკით“, – განუცხადა DFWatch-ს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ინტერნეტისა და ტექნიკის პრობლემასთან ერთად, ადგილობრივები, მესამე პრობლემას, ელექტრომომარაგებას ასახელებს.
„სკოლები ამჟამად სრულად დაკეტილია. საუბარია ონლაინსწავლებაზე, თუმცა ამის რესურსი გალში ნაკლებადაა. მოსწავლეები უამრავ სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან. პირველი – ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს შესაბამისი ტექნიკა. მეორე – ინტერნეტის სიჩქარე – აქაური ინტერნეტი, იმ პრობლემებს და იმ დატვირთვას ნაკლებად თუ გაუძლებს. მესამე – ელექტრომომარაგება, რომელიც ძირითადად გრაფიკითაა და განსაკუთრებით ზამთარში. პრობლემების ეს ჩამონათვალი, სრულიად საკმარისია იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ გალში მცხოვრები მოსწავლეები, ფაქტობრივად ამ წელსაც კარგავენ“, – აცხადებს DFWatch-თან საუბარში, სოფელ თაგილონის მკვიდრი, ორი მოსწავლის დედა.
ამჟამად, პირადი რესურსებით, რამდენიმე სკოლის რამდენიმე კლასია ონლაინსწავლებაში ჩართული. როგორც DFWatch-თან საუბარში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ყვება, დასწრება მწირია და გაკვეთილები ხარვეზებით მიმდინარეობს.
„ორშაბათიდან დავიწყეთ ონლაინგაკვეთილები მე-9, მე-10, მე-11 კლასებისთვის. კლასში თუ 10 ბავშვია, ესწრება 5, ზოგან ვერც ეგ. არ აქვთ კომპიუტერი, ინტერნეტი და ვერ ახერხებენ. მაგალითად, დღეს, საერთოდ ვერ ჩავატარეთ. ანძაზე პრობლემააო და ალბათ კიდევ ორი-სამი დღე არ გვექნება ინტერნეტი. ელექტრომომარაგება გრაფიკითაა, ახლა 12-ზე მოდის დილას და ამ დროს ვიწყებთ, 18:00სთ-მდე ესწრება, თუმცა ეს ყოველთვის ასე მოწესრიგებულად არ არის. შეიძლება ამინდი გაფუჭდეს და შუქი დღეები არ გვქონდეს“, – განუცხადა DFWatch-ს პარასკევს, 19 ნოემბერს საბერიოს სკოლის მასწავლებელმა.
სწავლის შეწყვეტა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აგდებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ. ერთ-ერთი მათგანი DFWatch-ს უყვება, რომ ახლა მხოლოდ მასწავლებლების გულისხმიერების იმედზე არიან, რადგან ისინი დაპირდნენ დახმარებას.
„წინა წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, შიში გვაქვს, რომ სწავლა შესაძლოა, ამ წელს ვერც განახლდეს. დისტანციურად სწავლა ვერ მოხერხდება ალბათ მასიურად, თუმცა მასწავლებლები გვპირდებიან, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარებიან. ჩვენ დამამთავრებელი კლასი ვართ და წინ დიდი გამოცდა გველოდება, შესაბამისად, წლის ჩავარდნა ჩვენთვის განსაკუთრების დიდი პრობლემაა“, – აცხადებს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე.
ცნობისთვის, გალის რაიონის, ომამდელ საზღვრებში, ამ ეტაპზე 30 სკოლაა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.