მართალია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ამ სტატუსს კარგავს, მაგრამ ამას ფორმალური პროცედურები ესაჭიროება, რის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.
„დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღებთ,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
იმისთვის, რომ სააკაშვილმა, რომელმაც ახალ თანამდებობაზე დანიშვნისას უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, საქართველოს მოქალაქეობა შეინარჩუნის, მან მოქმედ პრეზიდენტს უნდა მიმართოს. როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მათთვის ჯერ არ მიუმართავს. თავის ტელეინტერვიუში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია და ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც რიგით, „ჩვეულებრივ“ კანონებზე უპირატესი ძალის მქონეა.
კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა.“
მოქალაქეობის შესახებ კანონის მიხედვით კი, „საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას“.
იმის გამო, რომ უკვე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ავტომატურად დადგა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების საკითხი.
თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ვიდრე ეს საკითხი ოფიციალურად არ გაფორმდება, სააკაშვილი ფორმალურად საქართველოს მოქალაქედ ითვლება.
როგორც DFWatch-თან იურისტი, ლევან ალაფიშვილი განმარტავს, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნა, რათა ადამიანი არ დარჩეს რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე და არ აღმოჩნდეს, რომ სადაც ჰქონდა მოქალაქეობა, იქ გაუუქმეს და ამ დროს სხვა ქვეყანას არ მიუცია მოქალაქეობა.
„იურიდიული გაფორმებაა საჭირო და ამაზეა საუბარი. ანუ, იუსტიციის სამინისტრომ უნდა გამოითხოვოს იმ ქვეყნიდან დოკუმენტაცია, სადაც კონკრეტულ პირს მოქალაქეობა მიენიჭა და ეს დოკუმენტაცია ხდება უკვე იმ ქვეყნის მიერ მოქალაქეობის გაუქმების საფუძველი, რომლის მოქალაქეც მანამდე იყო. სხვა ქვეყნის მიერ მოქალაქეობის მინიჭება არის ფაქტი, რომელიც იწვევს მოქალაქეობის გაუქმებას და ამას სჭირდება იურიდიული გაფორმება. ახლა სწორედ ამ იურიდიულ გაფორმებაზეა ლაპარაკი,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
მიხეილ სააკაშვილიც და მისი პარტიის წევრებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი ისევ საქართველოს მოქალაქეა. მათ ამ ეტაპზე სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობა იმისთვის სჭირდებათ, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ხელმძღვანელის პოსტი ოფიციალურად შეინარჩუნოს, რადგან ქართული კანონმდებლობით, არ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას სხვა ქვეყნის მოქალაქე ხელმძღვანელობდეს ან რაიმე პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.
ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სტაბილური ვითარება არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია ოთხმა წამყვანმა ფიგურამ, მათ შორის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დატოვა. სააკაშვილის ავტორიტეტი კი პარტიის ერთიანობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორის გამო თავად სააკაშვილიც და მისი გუნდიც იმაზე აპელირებენ, რომ ის ჯერ საქართველოს მოქალაქეა და შეიძლება მას ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა DFWatch -თან საუბრისას განაცხადა, „შეიძლება მოქმედმა პრეზიდენტმა, რომლის გადასაწყვეტიც არის ეს საკითხი, თქვას, რომ სააკაშვილს ქვეყნის წინაშე იმდენი დამსახურება აქვს, რომ ორმაგ მოქალაქეობას იმსახურებს და მიანიჭოს“.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ კი განაცხადა, რომ „პრეზიდენტისთვის მოტივირებული განცხადებით მიმართვის გარეშე, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ორმაგი მოქალაქეობა ვერ მიენიჭება“.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ პირმა გამონაკლისი წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც არის.
იუსტიციის მინისტრმა კი კვირას ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რათა ეს საკითხი “სააკაშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდოს”.
წულუკიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ჯერ კიდევ აქვს, სანამ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით.
“მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღებთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
. იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე.
იუსტიციის მინისტრი ღიად ამბობს, რომ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი პოლიტიკური საკითხია და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში პოლიტიკურად აქტიური პირის მოქალაქეობის საკითხის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება.
2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და მაშინდელ მმართველ გუნდს დაუპირისპირდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა სწორედ იმ საბაბით, რომ ის მაშინ საფრანგეთის მოქალაქე იყო. მაშინ არგუმენტად ის დასახელდა, რომ მის განცხადებამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ. ამ გადაწყვეტილების გამო კი ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლამდე საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნათ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.