ოფიციალური თბილისი არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. თუმცა, არც იმაზე ამბობენ რამეს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლას, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი.
ამ საკითხზე საგარეო საქმეთა მინიტრმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც იუსტიციის მინისტრმა ღიად თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება სააკაშვილს მოქალაქეობას მაშინ შეუწყვეტს, როდესაც უნდა, რათა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოება ბოლომდე მიიყვანოს.
მართალია, იურისტები ამბობენ, რომ მოქალაქეობის გაუქმება ხელს არ უშლის, რომ სისხლის სამართლის ბრალდებებზე, რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, პროცესი ბოლომდე მივიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით შიქმნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებას სხვა ქვეყნის მოქალაქის ექსტრადირების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე თვის წინ აღიძრა, მთავრობას მისი დაკავების თხოვნით დასავლეთის ქვეყნებისთვის არ მიუმართავს. თუმცა, მისი დაკავება უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რაზეც უარი მიიღო. სააკაშვილის დაკავებაზე ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმაც უარი თქვა, როდესაც ექსპრეზიდენტი ბაქოში იყო ჩასული. მოქალაქეობის გაუქმების შემდეგ კი თბილისს ამ მოთხოვნის დაყენების უფლებაც კი აღარ ექნება.
მეორე საკითხია თავად უკრაინის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთან, საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს“ და ქართული მხარე არანაირი საპროტესტო ნოტის გაკეთებას არ აპირებს.
თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, შეეძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლა ოდესის მხარის გუბერნატორის სტატუსით.
“როგორც დღეს ვიცით, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე გააკეთა არჩევანი. მან თავისი გადაწყვეტილებით, გამხდარიყო ოდესის მხარის გუბერნატორი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იქონიებს გავლენას მის ყველა შესაძლო ნაბიჯზე, ყველა შესაძლო ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მასა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა და საქართველო დატოვა. მას ბრალდება წარდენილი აქვს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე: პირადი მიზნებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე; გირგვლიანის საქმეზე; 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევაზე, ჯარის უკანონოდ გამოყვანაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ამ ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაზე; ასევე, პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.