ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ”.
მისი თქმით, ის 2012 წლის არჩევნებზე ხალხს ერთ კითხვას უსვამდა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი 2003 წელზე უკეთესად და პასუხი იყო – დიახ. ახლაც ყველა მოქალაქემ პარალელები 2012 წელთან უნდა გაავლოს და საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, ცხოვრობენ თუ არა ისინი უკეთესად ვიდრე 2012 წელს.
„მე მგონია ამაზე პასუხი გაცემულია და ხმაც შესაბამისად უნდა მისცენ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „არჩევანთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ხალხს მისცენ გამოკვების საშუალება, შვილების კი პერსპექტივა, ახალმა მთავრობამ დახარჯა მთელი ფული, რაც მისმა ხელისუფლებამ დატოვა.
„დავტოვეთ ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უკვე გამზადებული იყო და აამოქმედეს ეს საყოველთაო ჯანდაცვა, რაშიც ასევე დახარჯეს მილიარდები. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში, რადგან ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ასევე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ქართულ ნიუსებს რომ ვუსმენ, გული მისკდება. ყოველ დღე არის თემა, რა ახალი ვიდეო დაიდო. როდესმე, ჩემს დროს, გაგიგიათ ასეთი რამ? ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოვიდოდა გარეთ?! ოდესმე გაგიგიათ ჩემი ე.წ. ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ასეთი ლაპარაკი?! ჩემს დროს თემა იყო ის, რომ გავხსენით ახალი უნივერსიტეტი, ახალი გზის მონაკვეთი, ახალი დიდი კომპლექსი, დავასაქმეთ ხალხი. ახლა კი თემაა გამოვიდა თუ არა ახალი ვიდეო. შესაბამისად, როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ, რა გიკვირთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.