NDI –ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 6% – ”თავისუფალ დემოკრატებს”, 4 % – ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 3% – “პატრიოტთა ალიანსს”.
38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, 12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% სავარაუდოდ არ მივა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 66% კი ფიქრობს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ მივა.
საზოგადოებრივი განწყობის კვლევა NDI-ის (ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) დაკვეთით “CRRC – საქართველომ” 2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე მონაკვეთში ჩაატარა. გამოიკითხა 3,900 ადამიანი. კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ ოთხშაბათს, 13 აპრილს გამართა. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6%-ია.
აღსანიშნავია ის, რომ NDI-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევებს წლების განმავლობაში ატარებს და ორგანიზაციის დაკვეთით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევაში მაშინ ოპოზიციაში მყოფი კოალიცია „ქართული ოცნება“ (18%) ბევრად ჩამორჩებოდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს (36%), თუმცა 1 ოქტომბრის არჩევნებზე „ოცნებამ“ გაიმარჯვა – ხმების 54,9% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ -40,3%, რის გამოც საზოგადოების ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსები, გამოკითხვას არ ენდობა.
არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ კვლევებში მმართველი კოალიციის რეიტინგი გაიზარდა. NDI-ის 2013 წლის მარტის კვლევით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი – 58% იყო, ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის – 8%, არ ვიცი -17%.
2014 წელს აპრილში, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაში, “ქართულ ოცნებას” ჰქონდა 48%, “ნაციონალურ მოძრაობას” – 12%, სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.
2015 წელს კი „ქართული ოცნების“ რეიტინგი შესამჩნევად იკლებს.
აპრილის კვლევით: “ქართული ოცნება” – 24%, “ნაციონალური მოძრაობა” – 16%, ალასანია-„თავისუფალი დემოკრატები” – 5%.
აგვისტოს კვლევით: “ქართული ოცნება” – 14%, “ნაციონალური მოძრაობა” – 15%, “თავისუფალი დემოკრატები” – 5%.
ნოემბრის კვლევით: ” ქართული ოცნება” – 18%, ” ნაციონალური მოძრაობა” – 12%, თავისუფალი დემოკრატები – 7%.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.