“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაბარებული. როგორც მისი გამოძახების უწყებაშია (რომელიც საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თავად თარგამაძემ გაასაჯაროვა) აღნიშნული, თარგამაძე გამოკითხვაზე მის მიერ კვირას, 19 ივნისს გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომლის მიხედვითაც „ე.წ. კანონიერი ქურდმა, დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ“.
DFWatch-მა ვერ შეძლო კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ გივი თარგამაძესთან დაკავშირება და მისგან გამოკითხვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. თუმცა, როგორც DFWatch-ს შს სამინისტროში უთხრეს, უკრაინულ მხარეს ქართველი სამართალდამცველები, კერძოდ, კრიმინალური პოლიცია ე.წ. „კანონიერი ქურდის“ საქართველოში გამოძევების შესახებ, საქმის კურსში არ ჩაუყენებია.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა დავით გერლიანი საქართველოში და მართლაც გადმოკვეთა თუ არა მან საქართველოს საზღვარი, ან რატომ არ მოხდა მისი დაკავება – ამის შესახებ, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებდნენ.
„ორი ხელშეკრულებაა, რომელიც მსგავსი სიტუაციის დროს ორივე მხარეს – ქართულსაც და უკრაინულსაც ავალდებულებს ინფორმაციის მიწოდებას, ამიტომ უკრაინულ მხარეს ქართული პოლიციისთვის უნდა ეცნობებინა, თუმცა მსგავსი შეტყობინება არ მიგვიღია,“-გვითხრეს შს სამინისტროში.
თარგამაძე კი პოლიციაში მისვლამდე ამბობდა, რომ მთავრობა 2016 წლის არჩევნებზე ხმების მობილიზებას კანონიერი ქურდებით ცდილობს.
მისივე თქმით, მზად არის გამოძიებას ამ მიმართულებით არსებულ მძიმე სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდოს და კითხვებზე პასუხი გასცეს.
44 წლის დავით გერლიანი უკრაინაში, ოდესაში შაბათს, 18 ივნისს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც თან ახლდა ვიდეო-კადრები თუ როგორ გამოუშვეს გერლიანი საქართველოში.
საქართველოს აეროპორტში გერლიანის უპრობლემო შემოსვლისა და მის მიერ აეროპორტის დატოვების შესახებ კი კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი აეროპორტში იმის გამო მივიდნენ, რომ მისი დაკავება გადაეღოთ, რაც არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
რაც შეეხება გერლიანს, კანონიერ ქურდობას ერთ-ერთ ვიდეოში, 2015 წლის ოქტომბერში, რუსეთის პოლიციაში დაკითხვის დროს, ის თავად ადასტურებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.