კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ ორშაბათს, 20 ივნისს მუშაობა და დოკუმენტების განხილვა ოფიციალურად დაიწყო, თუმცა მასში 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან ოთხი, მათ შორის საქართველო, არ მონაწილეობს.
„ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია“, – ამის შესახებ 10 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
გარდა ამისა, სენაკისა და ჩხოროწყუს, და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც დელეგაციის წევრი უნდა ყოფილიყო აცხადებს იმასაც, რომ ამ კრების გამართვას საფუძვლად ერთსულოვნება ედო, ხოლო ბულგარეთისა და ანტიოქიის წაუსვლელობაზე განცხადების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს ერთსულოვნება არ არსებობს.
წინასწარი შეთანხმებით, კრებაზე, რომელიც 16-27 ივნისს იმართება, 14-ვე ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის დელეგაციას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს: ჯერ ბულგარეთმა, შემდეგ ანტიოქიამ და საქართველომ და ბოლოს – რუსეთმა. ამ უკანასკნელმა წაუსვლელობის მიზეზად დაასახელა ის, რომ რამდენიმე ეკლესია კრებაზე არ მიდის, რაც კონსესუსის მიღწევას შეუძლებეს ხდისო. ამას სერბეთის ეკლესიაც დაეთანხმა, თუმცა საბოლოოდ სერბები კრეტაზე მაინც ჩავიდნენ.
დიდ კრებაში დოკუმენტების განხილვა 20 ივნისს დაიწყო და შეკრებას 200-ზე მეტი ეპისკოპოსი ესწრება. სხდომის ტრანსლირება კი პირდაპირ რეჟიმში სამ ენაზე – ბერძნულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე მინდინარეობს.
განსახილველად სულ 6 საკითხია გატანილი. გაცხადებული იყო, რომ გადაწყვეტილება კონსესუსის გზით უნდა მიღებულიყო და ის ყველა ეკლესიისთვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო, თუმცა 4 ეკლესიის წარმომადგენელთა ხმების გარეშე რა შედეგი დაიდება, ეს ჯერ უცნობია.
საქართველოს ეკლესიის მიერ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი ორი საკითხი – “ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს. წმინდა სინოდის კრების გადაწყვეტილებით, რომლიც 25 მაისს ჩატარდა, დეტალურად მითითებულია, რის შეცვლას ითხოვს საპატრიარქო.
საპატრიარქოს პოზიცია იყო, რომ ისინი კრებაში მონაწილეობას მიიღებდნენ, მაგრამ თუკი დოკუმენტები არ შესწორდებოდა, მას ხელს არ მოაწერდნენ.
ცნობისათვის, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საქართველოს მხარე ეწინააღმდეგება, არამართლმადიდებელ ქრისტიანთან ქორწინებას ეხება. საქართველოს ეკლესია წინააღმდეგია გამონაკლისის სახით დაიშვას ასეთი ქორწინების კურთხევა იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში. საქართველოს მსგავსად ამ საკითხს ეწინაღმდეგება ანტიოქიაც. თუმცა ანტიოქიის წაუსვლელობის ოფიციალურ მიზეზად გაცხადებულია ის, რომ კრებაზე ყატარის ეკლესიის იურისდიქციის საკითხი არ არის გატანილი. ყატარის გამო ანტიოქია იერუსალიმის საპატრიარქოს უპირისპირდება.
მეორე დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”, საქართველოს ეკლესიის აზრით, უნდა შევიდეს სამი ცვლილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დოკუმენტის გამო დაიწყო ურთიერთბრალდება და დიდი დაპირისპირება საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის მთავარ სასულიერო პირს, დიდ პროტოპრესვიტერ გიორგი ცეცისს შორის. მაშინ გიორგი ცეცისმა საქართველოს ეკლესია “ხისტ და გამაღიზიანებელ” ქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხის “ჩიხში შეყვანაში”, “ფუნდამენტალიზმსა” და “შუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილში” დაადანაშაულა.
ერთი ცვლილება ეხება ქვეთავის სათაურს, სადაც საქართველოს საპატრიარქო ითხოვს ფრაზის „ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის“ ამოღებას, რადგან „იგი მრავალგვარი გაგების საშუალებას იძლევა“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ეწინააღმდეგებოდა, 25 მაისს წმინდა სინოდმა კრეტაზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის დელეგაცის შემადგენლობაც – 30 სასულიერო პირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს უნდა ეხელმძღვანელა. თუმცა საქართველოს საპატრიარქომ 2 კვირაში ეს თანხმობა უკან წაიღო და 10 ივნისს საგანგებოდ შეკრებილმა წმინდა სინოდმა უკვე წაუსვლელობის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა სინდის წევრის, ფოთის და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლ ფაზისელის სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც, რომ კრეტაზე წაუსვლელობით საქართველო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან „ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის სავარაუდოდ ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი“.
კრებაში სულ 14 ავტოკეფალურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა: კონსტანტინოპოლის; ალექსანდრიის; ანტიოქიის; იერუსალიმის; რუსეთის; საქართველოს; სერბეთის; რუმინეთის; ბულგარეთის; კვიპროსის; საბერძნეთის; ალბანეთის; პოლონეთის და ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.