ტელე-კომპანია „რუსთავი 2″ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის, ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის საქმის გამოძიება დაასრულა. როგორც ოთხშაბათს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა რომელიმე სხვა პირს ჩაედინა.
თვითმკვლელობის მიზეზად კი მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობა დასახელდა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებისას დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა. ვალის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად.
გარდა ამისა, ბრიფინგზე აჩვენეს საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურის მიერ მომზადებული ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება.
„ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15, დანართი N16) ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვალებამდე ეროსი კიწმარიშვილი საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ის თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერად იყრიდა კენჭს. 2010-2011 წლებში იყო ტელე-კომპანია „მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი; 2004 წლამდე კი ტელე-კომპანია „რუსთავი 2″ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იყო. მის ბიოგრაფიაში დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდიც იყო. 2008 წელს იყო რუსეთში საქართველოს ელჩი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი კიწმარიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ფონდი „2020″ შექმნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.