“ქართული ოცნების” წევრისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული, რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული განცხადება საზოგადოების განხილვის ეპიცენტრში მოექცა და სოციალური ქსელების ჰიტი გახდა, პრეზიდენტის მრჩეველმა კი მას “შეურაცხმყოფელი” უწოდა.
გუშინ, პარლამენტში ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტის ვეტოზე გამართული დებატებისას კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა, რომელიც ამ კანონის აქტიური მხარდამჭერია, განაცხადა, “ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ ერთ “ენჯეოელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც.”
2013 წელს, როდესაც გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც იგი წინდის ქსოვის პროცესშია აღბეჭდილი.
ამ განცხადებას პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა და მას შეურაცხმყოფელი და არაეთიკური უწოდა.
“პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირებისა და ნიშნისმოგების საშუალება. აქ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფა აქ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. წარმოდგენილია მოტივირებული შენიშვნები, პროფესიული არგუმენტები და, მოდით, ამაზე ვიმსჯელოთ,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ოთხშაბათს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს. ეს ფუნქცია უნდა გადაეცეს ახლადშექმნილ უწყებას, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, რომლის ხელმძღვანელსაც მთავრობა დანიშნავს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.