grigolia-inga_imedis-kviraტელეკომპანია “იმედის” მიერ ორი პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს დახურვას საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. მათი წამყვანი კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებთანაა კავშირში.

 

“ვფიქრობ, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ,” აცხადებს გადაცემების წამყვანი ინგა გრიგოლია.

 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში მედიაზე განხორციელებული წნეხის მაჩვენებელია და სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღების კამპანიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.

 

საუბარია ორ თოქ-შოუზე – “რეაქცია”, რომელიც ეთერში პარასკევობით გადიოდა, და კვირა საღამოს შოუზე, “იმედის კვირა.” ორივე ამ გადაცემას პოპულარული ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უძღვებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტელეკომპანია თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ჟურნალისტურ წრეებში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები გრიგოლიას გადაცემების დახურვის თაობაზე.

 

თავად ინგა გრიგოლიას ეჭვი არ ეპარება, რომ ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივი დგას.

 

“მე მაქვს სრული უფლება ვიფიქრო, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და, აი, რატომ – არც ერთი კერძო ტელევიზია არ ხურავს გადაცემას, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი და ძალიან მაღალი ყურებადობა აქვს, მით უფრო არ ხურავს ორ გადაცემას ერთდროულად, რომელთაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს ტელევიზიის წესია. ამიტომ მე ვფიქრობ, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მე არ ვყოფილიყავი ეკრანზე არჩევნების წინ,” დაწერა ინგა გრიგოლიამ ფეისბუქზე კვირას.

ის ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება არა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო, არამედ პოლიტიკოსების კაბინეტებში დაიგეგმა.

 

“კარგად მახსოვს ჩემს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან  და, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ დაავალეს ჩემი დახურვა და “იმედმაც” მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება…” წერს გრიგოლია.