ნიცაში ხუთშაბათს, 14 ივლისს მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 84-ადამიანი, მათ შორის – 10 ბავშვი, დაშავებულია 100-ზე მეტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ვერ პოულობდნენ საფრანგეთის მოქალაქე ოთხ ქართველს, რომლებიც ნიცაში ცხოვრობენ და მათთან ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, თუმცა ამ დროისთვის 4-ვე ნაპოვნია. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე აცხადებს. მისი თქმით, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირება მოახერხდა და ისინი სახლში არიან.
სირაძის თქმით, ეს ადამიანები მანამდე ლიონში ცხოვრობდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიცაში გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლობლები დღეს ვერ უკავშირდებოდნენ. თუმცა როგორც გაირკვა, ისინი სახლში იყვნენ და ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.
რაც შეეხება იმას, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულებში ან დაშავებულებში საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ საკონსულო ფრანგ სამართალდამცველებთან მუდმივ კონტაქტზეა, ინფორმაცის ოპერატიულად იღებენ და მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ.
„საელჩო დაუკავშირდა ნიცაში მყოფ ქართველებს, ვისზეც ჰქონდა ინფორმაცია. ყველანი უსაფრთხო ადგილზე არიან. ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებათ, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომ მათი ახლოებლები იმყოფებიან ნიცაში, ამ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ,“- განუცხადეს პრეს-სამსახურში DFWatch-ს.
საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზის ნომერია: +33 7 83 31 86 89.
აღსანიშნავია, რომ ნიცაში ღამის 11 საათზე, სადაც ხალხი ბასტილიის აღებას ზეიმობდა, ფეირვერკის დასრულების შემდეგ ხალხმრავალ ადგილზე სატვირთო ავტომანქანა შევარდა და მოზეიმე ხალხს დაეჯახა. საბოლოოდ ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს, თუმცა მანამდე მან მოახერხა დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა და უამრავი ადამიანის დახოცვა. ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ბევრი უცხოელია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტრაგედია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ და პოპულარულ ადგილას მოხდა – ნიცას მთავარ სანაპირო ბულვარზე – ინგლისურ სანაპიროზე.
100-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან 16 კრიტიკულ ან უმძიმეს მდგომარეობაშია.
ფრანგულ მედიაში უკვე სახელდება ტერორისტის ვინაობა – ის ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელია. სამართალდამცველებმა დილით მისი ბინა გაჩხრიკეს.
სააგენტო „როიტერზის“ ცნობით, ეს პიროვნება ადრეც მრავალჯერ მოხვედრილა პოლიციის თვალთახედვაში, ოღონდ წვრილმანი დანაშაულის გამო.
საფრანგეთში ეს უკვე მესამე ტერაქტია. პირველი იყო 2015 წლის 8 იანვარს, როდესაც სატირულ ჟურნალ „შარლ ებდოზე“ მოხდა თავდასხმა და 12 ადამიანი გარდაიცვალა, დაიჭრა 10; მეორე ტერაქტი მოხდა 2015 წლის 14 ნოემბერს პარიზში, სამ სხვადასხვა ადგილზე – სტადიონთან, რესტორანთან და საკონცერტო დარბაზთან მოხდა ტერორისტული აქტები, სადაც 153 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 200-ზე მეტი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.