რეკრეაციული დანიშნულების მქონე, ნაკლებად საშიში ნარკოტიკული ნივთიერება ექსტაზის (MDMA) 2 გრამის შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდებული 22 წლის კოტე ჯაფარიძის შეწყალების თხოვნით მოძრაობა „დაგვიბრუნეთ კოტეს“ წევრებმა პრეზიდენტს ხუთშაბათს, 14 ივლისს, მიმართეს.
ჯაფარიძეს, რომელიც პრეზიდენტის სტიპენდიანტია, სასამართლომ 1-წლიანი პატიმრობა და 25-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. ის 30 მაისს დააკავეს.
როგორც DFWatch-ს ჯაფარიძის ადვოკატმა ნინო გელაშვილმა უთხრა, 2015 წელს ხელისუფლებამ „ვითომდა ერთმანეთისგან გამიჯნა ნარკომომხმარებელი და გამსაღებელი“, თუმცა ამას რეალურად არაფერი შეუცვლია და ქვეყანაში ნარკოპოლიტიკას კვლავ რეპრესიული ხასიათი აქვს.
„პირადი სამუშაო პრაქტიკიდან გეტყვით ერთ მაგალითს. 2015 წლამდე, სანამ, როგორც ხელისუფლება ამბობს, გამსაღებლისა და მომხმარებლის ვითომდა დიფერენციაცია (გაყოფა) მოხდებოდა, 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ახლა მე-3 ნაწილი გამოდის) დაკავებულ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მაშინ აღნიშნულ ბრალდებაზე სასჯელი 7-დან 14 წლამდე პატიმრობა იყო. მას შემდეგ, რაც 2015 წელს ეს კანონი ამოქმედდა და სასჯელი 5-დან 8 წლამდე შემცირდა, განაჩენის გადახედვა მოვითხოვე, მაგრამ სასამართლომ სასჯელი იგივე დატოვა.
„ანუ, არსებითად არაფერი შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა, რადგან 147 ნარკოტიკულ საშუალებას კანონმდებლობით მცირე ოდენობა არ აქვს განსაზღვრული. არის ნარკოტიკი, რომელშიც ნებისმიერი ოდენობა დიდი ოდენობაა, მაგალითად – 0.00009 გრამი დეზომორფინი უკვე დიდი ოდენობაა, ასევე დიდ ოდენობად ითვლება 0.0000033 გრამი ამფეტამინი. თუ მცირე ოდენობის განსაზღვრება არ მოხდა, რაც მომხარებელს მართლა გამიჯნავს გამსაღებლისგან, ნარკოპოლიტიკა უფრო ლოიალური და ჰუმანური ვერ იქნება,“ – აღნიშნავს ადვოკატი.
რამდენიმე კვირაა, კოტე ჯაფარიძის გათავისუფლების თხოვნით ინტერნეტში პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც ამ დროისთვის 3 ათას ადამიანზე მეტმა მოაწერა ხელი. პეტიციაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ არაჰუმანური, არაპროპორციულად მკაცრი და ღირსების შემლახავი პოლიტიკა ხორციელდება“.
არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის აუცილებლობასა და ნარკომოხმარებისთვის გათვალისწინებული სასჯელის შეცვლაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველიც. საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ეს პოლიტიკა დასჯისკენ არის მიმართული და არა მკურნალობისა და მხარდაჭერისკენ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებამდე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება სწორედ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადახედვა იყო. თუმცა, მიუხედავად ამ დაპირებისა, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარდგენილი ფაქტობრივად ყველა კანონპროექტი ჩავარდა.
მათ შორის „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრის, დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივა, რაც გულისხმობდა არსებული ნარკოტესტირების შეცვლას, რის გამოც 2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. აბზიანიძის მეუღლე ამბობს, რომ პოლიციელებმა ლევან აბზიანიძეს 3 აბი შარდმდენის მიღება აიძულეს, რამაც წნევის დაცემა გამოიწვია და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რა გახდა აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი.
4 წლის განმავლობაში, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი კანონი მიიღო, რომელსაც ნარკოლიბერალიზაციის აქტივისტები ფასადურს უწოდებენ და რომელიც პროკურატურამ, იუსტიციისა და შს სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს. კანონის თანახმად, ცვლილება მხოლოდ 260-ე მუხლში შევიდა და ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან გაიმიჯნა. კერძოდ, თუკი ადრე ნარკოტიკული საშუალების წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ერთნაირად 6 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, ცვლილების შედეგად წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა 6 წლამდე, ხოლო გასაღება 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
რაც შეეხება 2 გრამი ექსტაზის გამო დაკავებულ ჯაფარიძეს, მისი ადვოკატი DFWatch-თან ამბობს, რომ მას სისხლში ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, შესაბამისად, ბრალი 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით “ა” პუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. თუმცა, პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად, მას 1-წლიანი პატიმრობა, 25-ათასლარიანი ჯარიმა და 5-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. ამასთან, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით – საექიმო და საადვოკატო; პედაგოგიური ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და პასიური საარჩევნო უფლებები.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.