ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს. პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური. ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად მუშაობას ხუთშაბათიდან, 7 აპრილიდან შეუდგება.
ზურაბ ნაყეურის განცხადებით, ის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლებას არ აპირებს. „ოფიციალურად, ზეგიდან შევუდგები ჩემი მოვალეობის შესრულებას. გეგმაში არის, პირველ რიგში, სარედაქციო დამოუკიდებლობა, არსებული კადრების შენარჩუნება, „მაესტროს“ საქმიანობის შეუფერხებლად მუშაობა და ფინანსური პრობლემების დაძლევა. არავითარ შემთხვევაში, არავის გაშვებას არ ვაპირებ“, – აცხადებს ნაყეური.
„ვინაიდან დავის წარმოშობის საფუძველი არ იყო, ის დაინიშნა დირექტორად. ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება დირექტორად და შეუდგება საქმიანობას”, – განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ პარტნიორთა კრების შემდეგ.
თუმცა ტელეკომპანი „მაესტროს” დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, მათთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მათი აზრით, ხდება “ტელეკომპანიიც მიტაცება”, რასაც “მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები” უწყობენ ხელს.
„აქტორები – მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები[ს]… უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა“,- ნათქვამია მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას განცხადებაში.
ცნობისათვის, ნაყეურის კანდიდატურა ტელეკომპანიის ახალმა მმართველმა, 55%-იანი წილის მფლობელმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ მეორე მეწილე, მაკა ასათიანთან მოლაპარაკების შემდეგ სამშაბათს პარტნიორთა კრებაზე წარადგინა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.