11, 14 და 31 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით, ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომაგენლებმა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ორშაბათს კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
სამოქალაქო სექტორმა ორშაბათს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იმ პირთა უდიდესი ნაწილი, ვინც წინა ხელისუფლების დროს უკვეთავდა, იღებდა და ინახავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს (და სავარაუდოდ აშანტაჟებდა მასალებში ასახულ პირებს), დღემდე დაუსჯელია. მეტიც – არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს პირები დღესაც სამართალდამცავ სისტემებში აგრძელებენ მუშაობას, რის გამოც მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვი ჩნდება.
უცვლელია „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნებიც : 1) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) რეფორმა და სატელეფონო მოსმენების “გასაღებისა” და ინტერნეტის მონიტორინგის ფუნქციის, რომელსაც სუსი ფლობს, დამოუკიდებელი ორგანოსათვის გადაცემა. 2) დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულს გამოიძიებს, რომლის ეფექტურად გამოძიების ინტერესიც ხელისუფლებას არ გააჩნია.
ფარული ჩაწერების თემაზე „ეს შენ გეხებას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებს ხვდებიან და საკუთარ მოსაზრებებს, ინიციატივებს აცნობს, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი კადრების შექმნა-გავრცელების გამოძიება.
ამ შეხვედრების ფარგლებში ორშაბათს სამოქალაქო სექტორი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამ უკანასკნელმა კამპანიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
პარტიის წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ არის და მთავარმა პროკურორმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან აუცილებელია “ვინმემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგრძნოს.”
“ვფიქრობთ, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ რომელიღაც სპეცსამსახურში უზარმაზარი არქივი იყოს შეგროვებული და ამ არქივიდან კონკრეტული ინფორმაციები გავიდეს, რომელსაც შანტაჟისთვის გამოიყენებენ,“ – განაცხადა ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები 23 მარტს უკვე შეხვდნენ ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წარმომადგენლებს. სამოქალაქო სექტორი ასევე ჩართულია პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ფარული ჩანაწერების თემაზე კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ მიმდინარე განხილვებშიც.
11, 14 და 31 მარტს ინტერნეტში, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერები გავრცელდა. ამასთან, დაანონსდა რამდენიმე ადამიანის სახელიც, რომელთა შესახებაც მორიგი ფარული ვიდეო-ჩანაწერები იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ.
კამპანიაში “ეს შენ გეხება” შედიან საია, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სიდა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვა ორგანიზაციები და ცალკეული პირები.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.