maswavlebeli

არინა თავაქარაშვილი: 2015 წლის 2 ოქტომბერს, როცა, როგორც მოქალაქე, გორის საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის წინააღმდეგ გამოვედი, არ მქონია ილუზია, რომ არ გაგანაწყენებდით. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე და ის უცვლელი იქნება (Facebook)

გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის  ლექტორის თქმით,  ანტისტალინისტური პოზიციის გამო ის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პროფესორი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ლექციები „სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა-არდადგმას შეეწირა”.

მანვე გორის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები „21-ე საუკუნის სტალინომანიად“ შეაფასა.

„2015 წლის 2 ოქტომბერს, როცა, როგორც მოქალაქე, გორის საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის წინააღმდეგ გამოვედი, არ მქონია ილუზია, რომ არ გაგანაწყენებდით. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე და ის  უცვლელი იქნება,” – წერს არინა თავაქარაშვილი.

მასალაზე მუშაობის პროცესში DFWatch თავაქარაშვილთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ასევე ვერ მოვახერხეთ უნივერსიტეტის რექტორთან, ვალერი სუხიშვილთან დაკავშირებაც. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს, გორის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ საზოგადოება „გორელების“ ინიცირებულ საკითხს განიხილავდნენ, ვალერი სუხიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ამ საზოგადოების პოზიციას აქტიურად იცავდა და ახმოვანებდა.

სწორედ აღნიშნულ სხდომაზე, გააკეთა სტალინის ძეგლის აღდგენის საწინააღმდეგო განცხადება, ლექტორმა არინა თავაქარაშვილმაც და თავად სწორედ მის ამ პოზიციას  უკავშირებს, რომ დღეს უნივერსიტეტში ვეღარ  ასწავლის.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გორის საკრებულომ ქალაქში ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილება არ მიიღო.

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის იურისტმა ვანო ბალახაშვილმა DFWatch-თან საუბრისას თქვა, რომ პროფესორი არინა თავაქარაშვილის მიმართ დისციპლინარული თუ სხვა სახის დევნა უნივერსიტეტში არ ყოფილა.

მისი ცნობით, თავაქარაშვილს 2015 წლის 1 სექტემბრამდე უნივერსიტეტში ორი თანამდებობა ჰქონდა. კერძოდ, მოწვეული პროფესორის სტატუსითა და ხელშეკრულებით ლექცია-სემინარებს ატარებდა და ამავე დროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

თუმცა, მან 2015 წლის 26 აგვისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, რომელშიც გადაწყვეტილების მიზეზი ახსნილი არ იყო. თავაქარაშვილის ამ განცხადებას რექტორმა ხელი 2015 წლის 1 სექტემბერს მოაწერა, ანუ იმ საკრებულოს სხდომამდე 1 თვით ადრე, რომელზეც სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი განიხილებოდა და რომელზეც ახლა აპელირებს როგორც ლექტორი, ასევე სხვა ადამიანები თუ მედია.

თუმცა, როგორც DFWatch-ს ბალახაშვილმა უთხრა, პირველი სემესტრის განმავლობაში 2016 წლის იანვრამდე პროფესორი ჩვეულებრივ ასწავლიდა სტუდენტებს. ხოლო მეორე სემესტრიდან, 29 თებრვლიდან, უკვე სასწავლო პროგრამაში მისი საგნისთვის გათვალისწინებული საათები აღარ იყო, მაგრამ ეს “ჩვეულებრივი მუშა პროცესია” და ის არავის გაუთავისუფლებია.

როგორც  DFWatch-ს განათლების სამინისტროში უთხრეს, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გორში სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს შიდასაუნივერსიტეტო საკითხია.

„ეს არის სახელშეკრულებო პირობები უნივერსიტეტსა და პროფესორს შორის. ნებისმიერი სახელშეკრულებო დავა გადაწყდება ან უნივერსიტეტში ან თუ საჭიროება იქნება სასამართლოში,“ – განაცხადა მინისტრმა.