თბილისის საკრებულომ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა ქალაქის ძველ უბანში სადავო მშენებლობას, რომლის წინააღმდეგაც გამოდის როგორ არქიტექტორებისა და გარემოსდამცველების დიდი ნაწილი, ასევე ოპოზიცია და მმართველი კოალიციის წევრი რესპუბლიკური პარტიაც.
ამ უკანასკნელმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ახლა პროექტმა, მშენებლობის დაწყებამდე, თბილისის მერიისგან ნებართვა უნდა მიიღოს, თუმცა მერიაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, ეს, როგორც ჩანს, სირთულეს არ წარმოადგენს.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია საცირკო წარმოდგენის მსგავსი რამ, რაც გაიმართა გუშინ საკრებულოში გარედან მოსული ადამიანების მხრიდან,“ განაცხადა მერმა, დავით ნარმანიამ ხუთშაბათს საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას, როდესაც ორი აქტივისტი – ირაკლი კაკაბაძე და ნატა ფერაძე – სხდომიდან გააძევეს. კაკაბაძე პროექტის დამტკიცებას ხმამაღალი შეძახილებით აპროტესტებდა, „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ კი იარუსიდან დარბაზში მსხდომ დეპუტატებს წყალი გადაასხა.
„პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა, შედგა ძალიან ბევრი საჯარო განხილვა, სპეციალისტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროექტში. მე ვფიქრობ, (ეს პროექტი) ერთი მხრივ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამაა და მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ, როდესაც მისი განხორციელება დასრულდება, ვიზუალურადაც საინტერესო იქნება,” განაცხადა ნარმანიამ.
ოპონენტები აცხადებენ, რომ პროექტის ირგვლივ არ გამართულა საჯარო დისკუსია და გადაწყვეტილებები ექსპერტების მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული.
ოპოზიცია და აქტივისტები პროექტის განხილვის გადადებას ითხოვდნენ, რადგან აგვისტოში ბევრი დაინტერესებული პირი ქალაქგარეთაა გასული და განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ გარემოსდამცველებისა და ურბანისტების რეკომენდაციების საფუძველზე პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე შესულია, კერძოდ მისი ფართობი 5 ათასი კვ/მ-ით შემცირდა, და მისი განხილვის გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ.
“ეს არის საკრებულოს სირცხვილის დღე,” განაცხადა საკებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ქალაქის იერსახის ცნობილმა დამცველმა, ალეკო ელისაშვილმა. ამბობს, რომ პირდაპირი გაგებით ემუდარებოდა უმრავლესობას, ამ საკითხის განხილვა გადაედო, მაგრამ მათ მხარი დაუჭირეს ინვესტორს, რომელიც 2009 წელს ნებართვის გარეშე გაანადგურა მირზა შაფის ქუჩის N16, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
პროექტის ინვესტორია კომპანია Capital Partners Of Georgia, რომელიც მასში 70 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახალი კომპლექსის დიდი ნაწილი სასტუმროს დაეთმობა. მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულდეს და დაახლოებით 10,000 კვ/მ-ს მოიცავს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.