კახეთში, ზემო ალვანში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმედ რჩება. კახეთის საინფორმაციო ცენტრი, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიით პოლიციელის თავში საფანტის 9 ტყვია აღმოაჩინეს.
თელავიდან პოლიციელი, რომელიც ოჯახურმა მოძალადემ დაჭრა, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანეს.
შსს–ს ცნობით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება სოფელ ზემო ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა ელიზბარ პ–მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა.
ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების ჯგუფი მივიდა, რომელმაც თავდამსხმაში ეჭვმიტანილი დააკავა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით).
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.