მგზავრთა ნაკადის განუხრელი ზრდის გამო, რამაც გასულ წელს 1,8 მილიონს გადააჭარბა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. გეგმა უკვე მუშავდება და სულ მალე დეტალებიც ცნობილი გახდება.
იმას, რომ გაზაფხულზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაციის გარდა ჩამომსვლელი მგზავრებისათვის ახალი ტერმინალის მშენებლობაც იწყება, DFWatch-თან საუბარში ადასტურებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილი.
მშენებლობას აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Urban Georgia ახორციელებს და, წინასწარი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი ერთ წელიწადში უნდა გაიხსნას.
გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და TAV Georgia-ს დადებული ხელშეკრულებით, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრების ნაკადი წელიწადში 1,8 მილიონს გადააჭარბებდა, „ტავს“ ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ჩამოფრენილი მგზავრებისათვის ახალი ტერმინალის მშენებლობას დაეწყო და ახლა ეს შენანხმება სრულდება.
„ვინაიდან 2015 წლის ბოლოს მგზავრთა ნაკადმა 1,8 მილიონს გადააჭარბა, უკვე დაიგეგმა ახალი ტერმინალის მშენებლობა ჩამოფრენილი მგზავრებისათვის. ტერმინალი უკვე დაგეგმარების ფაზაშია და იმის მიხედვით შესრულდება, რა ვადებიც აქვს კომპანიას აღებული. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება.ჯერ მხოლოდ დაგეგმარების პროცესია და დაწყების კონკრეტული დრო ჯერ არ სახელდება. რა მოცულობის იქნება ახალი ტერმინალი, რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება და მსგავს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს TAV Georgia-ს პრეროგატივაა. ნიუანსებზე ინფორმაციას მოგვიანებით თავად კომპანია გაავრცელებს,“ – აღნიშნავს მოლოდინაშვილი.
მისი თქმით, მშენებლობისთვის დაახლოებით ერთი წელია საჭირო.
„შესაძლოა ადრე დასრულდეს, შეიძლება რაღაც ცვლილება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვას კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ასევე მარტიდან იწყება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია,“ – დასძენს მოლოდინაშვილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 31 ოქტომბრიდან თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება. ამ კომპანიას მართვის უფლება 2027 წლის ნოემბრამდე აქვს. კომპანიამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაზე და ამის გამო მარტიდან 4 თვის განმავლობაში დღის საათებში ფრენის შეჩერებაზე განცხადება უკვე გააკეთა. ტერმინალის მშენებლობის დაწყებაზე განცხადების გავრცელებას კი სამომავლოდ გეგმავენ.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, როდესაც საბოლოოდ გადაწყდება ყველა დეტალი, საჯაროდ თავად გაახმოვანებენ.
„სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში: 2016 წლის 1 მარტიდან 27 მარტამდე ყოველ დღე 09:30 საათიდან 15:00 საათამდე; 2016 წლის 27 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00-დან 20:00 საათამდე. ყველა ის რეისი, რომელიც ამ პერიოდში იყო დაგეგმილი, არ გაუქმდება, არამედ ფრენები განხორციელდება დროებით შეცვლილი გრაფიკის მიხედვით,“- ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპოპრტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა.
ცნობისათვის, თბილისის აეროპორტის მგზავრთა უკანასკნელი წლების ყოველწლიური სტატისტიკა ასეთია: 2010 წელს აეროპორტით 822 772-მა მგზავრმა ისარგებლა; 2011 წელს – 1,06 მილიონმა; 2012 წელს – 1,22 მილიონმა; 2013 წელს – 1,44 მილიონმა; 2014 წელს – 1,58 მილიონმა და 2015-ში კი 1,85 მილიონმა მგზავრმა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.