კანონპროექტები, რომელიც თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას გულისხმობდა, ჩავარდა. ამის მიზეზი კი მთავრობის წინააღმდეგობა გახდა, რადგან მათი აზრით, კანონში ამ ცვლილებებით ბიზნესი დაიჩაგრებოდა. ამის შესახებ, DFWatch-ს დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ უთხრა.
როგორც მან აღნიშნა, თამბაქოს კონტროლის საკითხზე პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტიერთიანად იყო წარდგენილი და მთავრობამ ერთიანად დაიწუნა.
ცვლილებების თანახმად, მოწევა სამასპინძლო დაწესებულებებში საერთოდ უნდა აკრძალულიყო. ასევე საქართველოში არსებული ყველა დაწესებულება 2018 წლამდე ვალდებული გახდებოდა მწეველებისთვის შენობაში ცალკე სივრცე გამოეყო.
ცვლილება რეკლამის შესახებ კანონშიც იგეგმებოდა, რის შედეგადაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამა მთლიანად უნდა აკრძალულიყო. ასევე, “რადიკალურად” გაიზრდებოდა აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევაზე ჯარიმის ოდენობაც – არსებულ 20 ლარზე “ორმაგად და სამმაგად მეტად”.
ცვლილებების თანახმად უნდა გაძლიერებულიყო აღსრულების მექანიზმიც. კერძოდ, კონტროლის მექანიზმი სფეროების მიხედვით დაიყოფოდა. მაგალითად, თუ ჯანდაცვის სფეროშია დარღვევა, მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელ ორგანოს დაევალებოდა, რესტორნები და კაფე-ბარები სხვა სამინისტროს და ა.შ.
ცნობისთვის, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას გულისხმობს ის 5-წლიანი გეგმა, რომელიც 2013 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით დამტკიცდა და 2013 -2018 წლებს მოიცავს. თუმცა გასული 3 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა.
როგორც სტურუამ DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რეგულაციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამკაცრებოდა თუ პარლამენტი ახალ კანონპროექტებს მიიღებდა, რადგან მოქმედი რეგულაციები ფაქტობრივად ადმინისტრირების გარეშეა.
ივანიშვილის დადგენილებაში “საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ” შესაბამისი სტატისტიკაცაა მოცემული, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ეპიდემია მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 მილიონ ადამიანს კლავს, აქედან 600 000-ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება; სულ მსოფლიოში 1.2 მილიარდი ადამიანია თამბაქოზე დამოკიდებული.
რაც შეეხება საქართველოს, თამბაქოს მოხმარების კუთხით მას ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000- მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად კი ქვეყანაში სიგარეტის 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი) იყიდება, რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.
ამავე ორგანიზაციის მიერ 2010 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში თამბაქოს გამოკითხულთა 30.3% (მამაკაცების 55.5% და ქალების 4.8%) მოიხმარს.
ის, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება სათანადოდ არ ხორციელდება, კანადის საერთაშორისო განვითარების კვლევების ცენტრის (IDRC) მხარდაჭერით, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულმა კვლევამაც დაადასტურა.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალულია, სავაჭრო ობიექტების 92%-ი თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობს, სავაჭრო ობიექტების 2%-ში თამბაქოს ნაწარმი იმ სექციებშია განლაგებული, სადაც ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია იყიდება, თამბაქოს ყიდის ასევე სკოლებიდან 50 მეტრზე ახლოს განლაგებული ობიექტების 85%.
გარდა ამ დარღვევებისა, კვლევის თანახმად, საქართველოში ძირითად პრობლემას თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ობიექტების მონიტორინგისა და შემოწმების სისტემის არარსებობა წარმოადგენს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.