თბილისში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ინფორმაციას, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი ასლან ჯიოევი ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე დაზიანებით მკურნალობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასლან ჯიოევი შეიძლება დაკავშირებული იყოს 23 თებერვალს ცხინვალიც ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან.
ასლან ჯიოევის ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანის შესხებ ინფორმაცია ჯერ „ფეისბუქით“ გავრცელდა, შემდეგ კლინიკამაც დაადასტურა, რომ 7 ივნისს პაციენტი ცხინვალიდან „წითელი ჯვრის“ პროგრამით ნამდვილად შეიყვანეს და მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა და ამასთანავე ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.
იმას, რომ პაციენტი ნამდვილად ასლან ჯიოევია, რომელიც ცხინვალში ავტოავარიაში მოჰყვა, DFWatch-ის ადგილობრივმა წყარომაც დაადასტურა, თუმცა უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის ტატუნაშვილის მკვლელობასთან რაიმეთი იყოს დაკავშირებული.
ასლან ჯიოევი ახალგორის დე ფაქტო გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის ოჯახის დაცვის უფროსია. ხაჩიროვის შესახებ არის ინფორმაცია, რომ ის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაკავებასთან იყო დაკავშირებული და სწორედ ამ ინფორმაციის თბილისში გავრცელების შემდეგ დაუნიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ფილიპ ხაჩიროვს და მის ოჯახს დაცვა.
ასლან ჯიოევი, ასევე, ახალგორის მილიციის უფროსის ალექსანდრე ჯიოევის ნათესავია და ოკუპირებულახ ალგორში ასევე ამბობენ, რომ ტატუნაშვილს დაპატიმრებამდე მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ამის შემდეგ ანგარიშსწორებისთვის დააკავა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ შექმნან ამ საკითხზე აჟიოტაჟი.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პირები დაუზუსტებელ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ და ამით აჟიოტაჟის ატეხვა სურთ.
„ასეთ საკითხებთან მიმართებით საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული ქმედებები, სპეკულაციები ან განცხადებები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოქალაქეებისთვის“, – აცხადებს ციხელაშვილი. „ – თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ ის არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით“.
კითხვაზე, დაინტერესდებიან თუ არა სამართალდამცველები ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი პაციენტის საქმით, მინისტრი აცხადებს, რომ ამ თემაზე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.
ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შს სამინისტროში.
მოკლული ტატუნაშვილის მამა DFWatch-თან საუბრისას ამბობს, რომ მას ასლან ჯიოევზე არაფერი სმენია, მაგრამ არ გაუკვირდება, თუ ის მისი შვილის დაკავება-წამებასთან იყოს დაკავშირებული და ითხოვს, რომ ის შსს-მ აუცილებლად გამოკითხოს.
„არც გამიკვირდებოდა მისი სამკურნალოდ გადმოყვანა, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, სინდისგარეცხილი ხალხია. გაუჭირდა და ჩამოვიდოდა, აბა, რას იზამდა? რატომ რუსეთში არ წავიდა, თავიანთ მფარველებთან? კარგად უმკურნალონ, კარგად, ჩემი შვილის შემდეგ რომ კიდევ ვიღაც მიაყოლონ. აუცილებალდ უნდა დაკითხონ. გამორიცხულია, არ იცოდეს არაფერი,“ – ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.