visa_passport_2ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE)  უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირა. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ფინალში გავიდა და თბილისში ევროპაში კარის გახსნას ერთმანეთს ულოცავნ კიდეც. 

ახლა შეჩერების მექანიზმის ამ ახალ ვარიანტს კენჭი უნდა უყაროს ევროპარლამენტის სესიამ, რომელიც მომავალ კვირაში სტრასბურგში გაიმართება.

„უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია,“ –„ტვიტერზე“  ეს ჩანაწერი ქართულ ენაზეც კი გამოაქვეყნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

„შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია,“ – წერს ტუსკი.

 

LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორესმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ვიზის საკითხს ევროპარლამენტი მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

სწორედ შეჩერების მექანიზმი ახალი ვარიანტის მიღება იყო ბოლო ბარიერი ვიზალიბერალიზაციამდე, რის გამოც ამდენი ხნით გაიწელა უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე საბოლოო კენჭისყრა. ახლა უკვე ეს ბარიერი გადალახულია.

უვიზო რეჟიმის ოფიციალურად ასამოქმედებლად დარჩა ერთი ნაბიჯი –  ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კენჭისყრა და მიღება. ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე დაანონსებულია, რომ ეს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს მოხდება, მას შემდეგ, რაც საშობაო შვებულების შემდეგ ევრო პარლამენტარები შეიკრიბებიან. კენჭისყრით მიღების შემდეგ კი ევროპარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოაწერენ ხელს ამ საკანონმდებლო ცვლილებას და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 21 დღეში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ევროპაში 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტში ის დარღვევებია ჩამოთვლილი, რომელთა შემთხვევაში ევროკომისიას მარტივად  შეუძლია დამრღვევ ქვეყანას უვიზოდ მიმოსვლა 6 თვით  შეუჩეროს. უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება: თუ მოიმატებს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი; თუ ქვეყანა არ ითანამშრომლებს რეადმისიის, არალეგალი მიგრანტების დაბრუნების საკითხში; თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლის შემთხვევები;  თუ საზღვრის გადაკვეთაზე უარს საგრძნობლად ბევრი პირი მიიღებს და, ასევე, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება.