თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში, 300 არაგველის მონუმენტისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება, სადაც შეიძლება კაფეები და ბარები აშენდეს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს ხელშეკრულება უკეთ წაიკითხოს, რადგან საუბარია დაკიდებული ბაღების მოწყობასა და გამწვანებაზე, ხოლო 2 ჰექტარის გადაცემაზე ხელშეკრულებაში არსად არაფერი წერია.
ხუთშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი ნადირაძემ და სევდია უგრეხელიძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ თბილისის მერია დედაქალაქის ცენტრში, ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული 2 ჰექტარამდე სკვერის კერძო კომპანიაზე საეჭვო ვითარებაში გასხვისებას გეგმავს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობას სურს თბილისის ბიუჯეტის შემოტანის დროს, მაშინ როდესაც ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღება გადატანილი იქნება ბიუჯეტის მიღებაზე, ფარულად გააპაროს ეს საკითხი და ქალაქის ცენტრში 2 ჰექტარი გამწვანებული ზოლი გადასცეს დაინტერესებულ კომპანიას, რომელმაც შემდგომ იქ შეიძლება ხეების მოჭრის სანაცვლოდაც კი, კაფე-რესტორანი ან სხვა ობიექტები ააშენოს, რომელიც ამ წუთას პროექტით გათვალისწინებული არ არის.
„გვინდა მოვუწოდოთ დავით ნარმანიას, რომელიც დახვეწილობის კურსებზე ხარჯავს ასეულობით ათას ლარს საქართველოს ისტორიაში ჩაუტაროს ტრენინგ კურსები საკუთარ თანამშრომლებს, ვისაც ეს სჭირდება და გააგებინოს, რომ ის ტერიტორიაზე, რომლის გასხვისებასაც აპირებს ის, იქ დგას 300 არაგველებს მემორიალი, გენერალ ბაგრატიონის ძეგლი, ის არის გამწვანებული ტერიტორია და მისი გასხვისება დაუშვებელი და შეურაცხმყოფველია“,- ამბობს ნადირაძე.
ოპოზიცია საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს, ეს ინიციატივა თბილისის მერიას განუხილველად დაუბრუნონ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე პასუხად ამოს, რომ 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის არანაირი იჯარით გაცემა არ იგეგმება და არც ყოფილა დღის წესრიგში არასდროს.
ის ადასტურებს, რომ მერიასა და შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსს“ ხელშეკრულება აქვთ დადებული, სადაც კომპანია 450 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. თუმცა უარყოფს იმას, რომ 2 ჰექტარი მიწის გადაცემა იგეგმება და მით უფრო, რომ იქ რამე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
„უკეთესია წაიკითხონ და შეისწავლონ ეს საკითხი, რომელიც საკრებულოში უკვე დიდი ხნის წინ შემოვიდა და განხილულია. არადა, ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პერიოდში აპირებს საკრებულო ამ საკითხის განხილვას. მკაფიოდ მინდა ვთქვა, თუ რაზეა საუბარი. თითო-თითო კვადრატული მეტრი, ექვსი მიწის ნაკვეთი დაკიდებული ბაღების მოსაწყობად პირდაპირი იჯარით ნამდვილად გადაეცემა აღნიშნულ კომპანიას. ხოლო 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემაზე არასდროს ყოფილა საუბარი. უბრალოდ, ამ 6 კვადრატული მეტრის გადაცემის სანაცვლოდ თბილისის მერიამ და საკრებულომ კომპანიას ვალდებულება დაუყენეს, რათა 450 000 ლარის ინვესტიცია 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისთვის განახორციელოს”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.