პარლამენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც წინა, 2013 წელს მიღებული დოკუმენტისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ პრიორიტეტად ევროკავშირის წევრობას სახავს და არა ასოცირებას. თუმცა ოფიციალური თბილისი იმასაც აღიარებს, რომ მომავალ წელს “წევრობის დაგეგმვა” არარეალური იქნება.
დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ საქართველო ისწრაფვის ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ; მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ კვლავ აშშ სახელდება; ამასთანავე, დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ „დასავლური ღირებულებების მიუხედავად საქართველომ რუსეთთან თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს”, რაც კვლავ იწვევს საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილებას.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი 12 პუნქტისგან შედგება. მისი მიღება სავარაუდოდ კვირის ბოლოსთვის მოხდება. პირველი მოსმენა კი ოთხშაბათს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შედგა და მისი განხილვა ერთ-ერთ მთავარი საკითხი იყო პარლამენტში.
მმართველი გუნდის განცხადებით, აუცილებელია ამ გზავნილების უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ დეკლარირება.
„დოკუმენტი ეფუძნება 2013 წლის რეზოლუციას, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც დავამატეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება არ არის საბოლოო მიზანი, არამედ საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. თუმცა ქართულ ოცნების პროგრამაშიც გვეწერა, რომ დაბალანსებული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.
რუსეთთან ურთიერთობის ფორმის განსაზღვრებას იწუნებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მთავრობის მესიჯი არის, რომ ჩვენ მაინცდამაინც დიდი პრობლემა რუსეთთან არ გვაქვს და ამით კომფორტს უქმნიან ოკუპანტ სახელმწიფოს. მაშინ როდესაც ჩვენს ინტერესებშია, რომ დისკომფორტი შევუქმნათ, უკრაინასთან ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ, იმისათვის, რომ დეოკუპაცია და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს რაც შეიძლება აქტუალური. ახლა ეს საკითხები, სამწუხაროდ, მივიწყებულია,“ – ამბობს გიორგი კანდელაკი.
ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკაზე რეზოლუცია პარლამენტს 2013 წელს აქვს მიღებული, სადაც ევროკავშირთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებაა პრიორიტეტული. ამჯერად ასოცირება ევროკავშირის წევრობითაა ჩანაცვლებული.
საგულისხმოა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე ხმამაღლა საუბრობს. თუმცა წევრობის მოთხოვნა 2017 წლისთვის რომ არ მოხდება, ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
“2017 წელს ვერ დავგეგმავთ ევროკავშირში წევრობას. ეს არარეალურია და არ შეიძლება მოსახლეობას ცრუ მოლოდინი გაუჩინო”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირს საკანონმდებლო და ინსტიტუციური განვითარების დონით უნდა დაუახლოვდეს და ეს შემდეგ უკვე გაამარტივებს წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას.
“თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა, თუმცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ახლა არაა გაფართოებაზე ორიენტირებული და ეს გაცხადებულიცაა”,- დასძენს ჯანელიძე.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.