22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა.
წინასწარი ცნობით კი, სინოდის ამ სხდომაზე სამი სადაო თემა უნდა დასმულიყო: პატრიარქის დაცვის უფროსის გადაყენება, სასულიერო პირთა შორის დაპირისპირებისა და პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის „განუსაზღვრელი ძალაუფლების“ შეზღუდვის საკითხები.
შეკრების დაწყებამდე ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა პეტრემ ეკლესიაში არსებულ პრობლემების მთავარ სათავედ პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი დაასახელა, მას „რუხი კარდინალი“ უწოდა და თქვა, რომ თეთრუაშვილის ხელში მოქცეული „განუსაზღვრელი ძალაუფლების“ შეზღუდვის საკითხს სხდომაზე აუცილებლად დააყენებდა.
,,მთავრი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივნის, ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება პრობლემების შექმნა. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები მოგვარდება,“ – განაცხადა სინოდის სხდომის დაწყების წინ ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა), რომელმაც საპატრიარქოში შექმნილი შიდა დაპირისპირების აღსაკვეთად საეკლესიო სასამართლოს აღდგენასთან ერთად რუის-ურბნისის კრების ანალოგის მოწვევის აუცილებლობაზეც ისაუბრა:
„ – აუცილებლად უნდა მომზადდეს ე.წ. დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცები, რაღაც რუის-ურბნისის მსგავსი, სადაც ყველა სადაო საკითხი გადაწყდება.“
შორენა თეთრუაშვილი სინოდის სხდომისას საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა მან ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მეორე საკითხად უნდა დასმულიყო პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის გათავისუფლება. როგორც ქორეპისკოპოსმა იაკობმა დაანონსა, სხდომის შემდეგ ოხანაშვილს „აუცილებლად გაუშვებდა“.
ქორეპისკოპოს იაკობსა და სოსო ოხანაშვილს შორის, რომელიც ამავე დროს პატრიარქის სიძეა, მწვავე დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა, ოხანაშვილი და მისი დაცვის სამსახური პატრიარქს ებრძვის და ცილისმწამებლურ სტატიებს უკვეთავს. საუბარია „პრაიმ-ტაიმში“ დაბეჭდილ სტატიაზე, სადაც სასულიერო პირების სიმდიდრეზე ეწერა, კონკრეტულად იმაზე, რომ ერტ-ერთ ეპისკოპოსს 1,5-მილიონიანი სახლი ჩამოართვეს და საპატრიარქოში ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა დაიწყო. ამ თემის გარჩევას მოჰყვა ისიც, რომ მეუფე იაკობის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ბრალდებების საპასუხოდ ოხანაშვილმა ქორეპისკოპოსს ტელეეთერიდან შეუთვალა, რომ მისი გათავისუფლების ბერკეტი არც მეუფე იაკობს და არც სინოდის წევრებს არ აქვთ.
შიდა დაპირისპირების მესამე საკითხი კი დეკანოზ დავით ისაკაძის გამონათქვამს უნდა შეხებოდა, რომელმაც მღვდლები თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა მწვალებლებად მონათლა, რაც ეკლესიაში ყველაზე მძიმე ბრალდებად მიიჩნევა.
სინოდის სხდომიდან გამოსული მღვდელმთავრები მოკლე კომენტარებში აცხადებდნენ, რომ არც ერთი ეს სადავო თემა არ განხილულა.
ჭყონდიდის ეპისკოპოსმა პეტრემ კი ვრცლად 8-საათიან „ქრონიკასთან“ ისაუბრა. ამბობს, რომ პატრიარქს კიდევ ერთხელ შეახსენა თეთრუაშვილის „განუსაზღვრელი ძალაუფლების” შესახებ და საპატრიარქოს მართვა-გამგეობიდან მისი ჩამოცილება მოითხოვა, მაგრამ ეს არ განხილულა. ის ემხრობოდა პატრიარქის დაცვის უფროსის საკითხიც განხილულიყო, თუმცა ეს საერთოდ არც დასმულა. ხოლო სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება – ეს პირველხარისხოვანი პრობლემის, „განუსაზღვრელი ძალაუფლების” გადაფარვის მცდელობაა.
მისი თქმით, თეთრუაშვილს ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება საპატრიარქოს სახელით და ზოგიერთი სასულიერო პირი, მათ შორის მაღალი იერარქები სამწუხაროდ, უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებას, ვიდრე პატრიარქისას.
ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირებაში მას სინოდის წევრებს შორის თანამოაზრე ბევრი ჰყავს, მაგრამ თანამებრძოლი – ჯერ არა, უწმინდესმა კი, „ყოველთვის თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა კონკრეტულად ამ პრობლემური საკითხების განხილვას”.
ამბობს იმასაც, რომ „დაცვის ბიჭები პატრიარქს ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან და სწორედ ამიტომაც გახდნენ შორენა თეთრუაშვილისა და მისი მომხრეების სამიზნე.”
„ისინი ერთგულად ემსახურებიან პატრიარქს და არიან გარანტი, რომ უსამართლობა ბოლომდე ვერ იზეიმებს და პატრიარქი არ აღმოჩნდება არასასურველ სიტუაციაში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.