DFWatch-ის ორგანიზებით 28 მარტს ჩატარდა დისკუსია უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემაზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეთნოსთა შორისი თანამშრომლობის და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” დირექტორმა აგიტ მირზოევმა (შუაში) და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმა (მარჯვნიდან პირველი) იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რაც ეროვნულ უმცირესობების პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას აბრკოლებს. ამ მხრივ მთავარ პრობლემად ისინი უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნას ასახელებენ. თუმცა, თავად პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა მიდგომა გააჩნიათ და სწორედ ამ საკითხზე გაიმართა მათ შორის დიკუსია.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელი ალი ბაბაევი უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მთავარ პრობლემად მიიჩნევს ხელმძღვანელ თანამდებობებზე კადრების უცვლელობას. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ამ თანამდებობეზე არის ერთი და იგივე ხალხი, არ ტარდება კონკურსები თანამდებობეზე დასანიშნად და ეს მოტივაციას უკარგავს ადამიანებს, რომ ჩაერთოდ ამ პროცესში. მისი თქმით, ამ პრობლემას ემატება ისიც, რომ წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების ინტერესში შედიოდა ის, რომ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არჩევნებზე ხელისუფლებას მეტი ხმა აეღო და მოსახლეობას მიეცა ხმა იმისთვის, ვისაც ხელმძღვანელი პირები ეტყოდნენ, რადგან ასეთ რეგიონებში თანამდებობის პირები განსაკუთრებული ავტორიტეტით დღემდე სარგებლობენ. შესაბამისად, თუკი ამ მოსახლეობას არ ეცოდინებოდა სახელმწიფო ენა, უფრო მარტივად შეასრულებდნენ მითითებებს.
მის ამ მოსაზრებას არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეთნოსთა შორისი თანამშრომლობის და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის” დირექტორი აგიტ მირზოევი და მთვარ პრობლემად ასახელებს იმას, რომ უმცირესობებს დღეს არ გააჩნიათ მოტივაცია სახელმწიფო ენის სწავლისთვის. მიაჩნია, რომ ხელისუფლებამაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც პირველ რიგში ამ მოტივაციის გაჩენაზე უნდა იზრუნონ.
მათ ასევე იკამათეს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც უკვე სახელმწიფოს მხრიდან ენის სწავლებისთვის განხორციელებულ პოლიტიკას შეეხება.
ალი ბაბაევი ამბობს, რომ პრობლემა არის სათანადო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების არარსებობაც. თუმცა, აგიტ მირზოევი მიიჩნევს, რომ კადრებზე უფრო მეტად პრობლემატური სათანადო პროგრამების არარსებობაა და ამის დასამტკიცებლად იშველიებს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები იგზავნებიან უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში, მაგრამ ამ პროგრამას დღემდე დიდი შედეგი არ ჰქონია. თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ ენის სწავლება ხანგრძლივი პროცესია.
ამიტომაც ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უმცირესობებს ენის შესწავლის მოტივაცია უნდა გაუჩინოს.
ალი ბაბევი კი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით არამარტო სახელმწიფოს, არამედ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობაა საჭირო.
დისკუსიის შემოკლებული ვარიანტი მასალაში მოცემულია ინგლისურ ენაზე ტიტრებით (http://youtu.be/piBghSEO8T0).
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.