transgender_day_of_remembrance_2014

საბის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია იუსტიციის სახლთან. 2014 წლის 14 ნოემბერი (DFWatch)

23 წლის ტრანსგენდერის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პარასკევს მოულოდნელად მსუბუქი განაჩენი გამოუტანა.

ლევან კოჭლაშვილს, რომელმაც ტრანსგენდერი ბექა ბერიანი, იგივე საბი, ჯერ სცემა, შემდეგ კი საკუთარ ბინაში დანით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კოჭლაშვილს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, ასევე ცემა და სხვისი ნივთის დაზიანება, თუმცა სასამართლომ იგი ყველაზე მძიმე ბრალდებაში – განზრახ მკვლელობაში – უდანაშაულოდ სცნო.

ბოლო ორ ბრალდებაში კოჭლაშვილი სასამართლომ გაამტყუნა, თუმცა ცემისთვის განკუთვნილმა 4-წლიანმა სასჯელმა მესამე, შედარებით მსუბუქი, სასჯელი შთანთქა.

“სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადგინა, რომ ბრალდებული მოქმედება მართლზომიერად და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდების მხარის მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში ლ. კოჭლაშვილი გამართლდა,” ნათქვამია სასამართლოს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბერს ქ.თბილისში, ბუხაიძის ქ. N26-ში, ლევან კოჭლაშვილმა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამავე მისამართზე მცხოვრები ბ.შ.-ს მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანებები. იმავე დღეს, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩა N14ბ-ში, ლევან კოჭლაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბექა ბერიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.  ხანძრის შედეგად დაზიანდა პეკინის ქუჩა N14ბ , ბინა N32 და ბინის მეპატრონეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი,” ნათქვამია სასამრთლოს განცხადებაში.