ქართული სკოლების მე-11 კლასელთათვის ჩასაბარებელი გამოცდების სია ასე გამოიყურება: ქართული, რუსული, მათემატიკა, აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორია.
რა მნიშვნელობა ენიჭება აფხაზურ გამოცდებს და იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას მისი შედეგები სამომავლოდ, ამაზე DFWatch გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიას ესაუბრა.
,,ოკუპირებულ აფხაზეთში გასცემენ აფხაზურ ატესტატს, სადაც ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, კურსდამთავრებულებს მშობლიურ ენად რუსული ენა ეწერებათ. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო განათლების აღიარების წესის შესაბამისად, აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულ, ზოგად ან ცალკეულ კლასში მოსწავლის მიერ მიღებულ განათლებას. კურსდამთავრებულს ეძლევა ქართული ატესტატი და ეროვნული გამოცდის ჩაბარების უფლებაც. ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების სკოლებში მშობლიური ქართული ისწავლება როგორც ერთ-ერთი რიგითი უცხო ენა, ამიტომ ბავშვები ქართული ენის გამოცდაზე აბარებენ მარტივი ტექსტის წაკითხულის შინაარსს, აფხაზეთის დამახინჯებული ისტორია ბარდება რუსულ ენაზე, რუსული ენის გამოცდაზე აწერინებენ თემას ომში დაღუპულ აფხაზ და რუს გმირებზე. გალის რაიონის სკოლების ბავშვები სწავლობენ აფხაზურ ენას, შეიძლება ითქვას, აფხაზეთის სხვა სკოლების ბავშვებზე უფრო მონდომებით, რაც მიღებული ინფორმაციებით, არაერთხელ დაადასტურა სოხუმის ე.წ. განათლების მესვეურთა მხრიდან სხვადასხვა დროს სკოლებში ჩატარებულმა შემოწმებამ. ცდილობენ, საუკეთესო შეფასება მიიღონ აფხაზურის გამოცდაზე, თუმცა, ადგილობრივი ადმინისტრაციის ბრძანებით, შეფასება ,,ფრიადი“ ნაკლებად იწერება, რომ თავი აარიდონ სოხუმის კომისიის მხრიდან შემოწმებას,“ – განუცხადა DFWatch-ს ნონა შონიამ.
თავად ადგილობრივი მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ აფხაზურ ატესტატს განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ ენიჭება, როცა მოსწავლე სწავლის გაგრძელებას სოხუმში გეგმავს.
„მართალია, ასეთი ბავშვები ძალიან ცოტაა, თუმცა თუ სოხუმში აგრძელებენ სწავლას, ატესტატი აქაური ჭირდებათ. რაც შეეხება გამოცდებს, ჩვენ სკოლაში ჩაჭრის პრეცედენტი არ ყოფილა, მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი არ შევუშალოთ და მინიმუმ სამიანი (აფხაზეთში დღემდე შეფასების 5–ბალიანი სისტემა მოქმედებს) დავუწეროთ. გამონაკლისია მე-9 კლასელები, რომლებსაც უკიდურეს შემთხვევაში საშემოდგომო გამოცდაზე ვუშვებთ. მე-11 კლასელები კი ისედაც საკმაოდ დიდ დროს კარგავენ შიდა გამოცდებზე, რაც თავისთავად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ დროს აკლდება“, – აღნიშნავს DFWatch-თან საუბარში ადგილობრივი მასწავლებელი.
დაკარგულ დროზე საუბრობს სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციაქ რა მნიშნელობა აქვს აფხაზურ ატესტატს. ვიცით, რომ ეროვნულ გამოცდებამდე ეს გამოცდებიც უნდა ჩავაბაროთ. შესაბამისად, შიდა გამოცდებისთვის მეცადინეობასაც საკმაოდ დიდ დროს ვანდომებთ. გუშინ გამოცდები დამთავრდა, ახლა ისევ ეროვნულ გამოცდებს მივუბრუნდებით, რომელიც დღე–დღეზე დაიწყება. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა შიდა გამოცდებისთვის დახარჯული დროც ეროვნულისთვის გამოგვეყენებინა, თუმცა აქ ამის საშუალება არ არის“, – აღნიშნავს ერთ-ერთი სკოლის კურსდამთავრებული.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სკოლებში შიდა სასკოლო გამოცდები 17 ივნისს დასრულდა, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი პირველ ივლისს დაიწყება.
ცნობისთვის, გალში სწავლა წელს 400-მდე, მთლიანად აფხაზეთში კი 1 889 მოზარდმა დაამთავრა.
გალის სკოლების წლევანდელი კურსდამთავრებულებიდან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 168 მოსწავლე გადის.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსულით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 წლამდე ოკუპირებულ რაიონში ქართული სკოლების რაოდენობა 58–დან 30-მდე შემცირდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.