გალის მოსახლეობა ზუგდიდიდან აფხაზეთში ტვირთების გადატანის შეჩერებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, DFWatch-ს გალის ადგილობრივი მოსახლეობა დაუკავშირდა თხოვნით, საქართველოს მთავრობისთვის მიგვეწოდებინა მათი სურვილი, შეწყვიტონ „საზღვარზე“ ტვირთები გატარება.
საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ბიზნესის გარკვეული სეგმენტი დიდად არის დამოკიდებული საქართველოდან შესულ პროდუქციაზე, მეტწილად საკვებზე, რომელიც რუსეთიდან შესულ საქონელზე ბევრად უფრო იაფია. განსაკუთრებით ეს ტურიზმის ინდუსტრიას ეხება.
„თუ ტვირთებზე შეზღუდვა არ დაწესდა, აფხაზები ხიდს ძალიან დიდხანს არ გახსნიან. დაზარალდება მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, რომელიც პროდუქტის შესაძენად ვერ გადმოვა. თუ აფხაზებს პროდუქტი უპრობლემოდ მიეწოდათ, ისინი ხიდის დაკეტვით დისკომფორტს ვერ იგრძნობენ, შესაბამისად, შეზღუდვა შესაძლოა, მთელი ზაფხულიც გაგრძელდეს, ქართველი მოსახლეობა კი დაზარალდება. გახსოვთ, ალბათ საახალწლოდ რომ დაიკეტა ე.წ. კარანტინის მიზეზით, რა სიტუაციაც შეიქმნა“, – გვითხრა ადგილობრივებმა. დაახლოებით მსგავსი პოზიცია ბევრ სხვა გალელსაც აქვს, რომლებსაც DFWatch ესაუბრა.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აფხაზური მხარე თითქმის უკვე ყოველ ზაფხულს ცდილობს, რაღაც შეზღუდვის მიზეზი იპოვოს.
„უკვე მესამე წელია ე.წ. ვიზით შვილების მოყვანა ვცდილობ ზაფხულში, თუმცა ახლაც საზღვრის დაკეტვა დაემთხვა და ვიზებიც შეწყდა. წინა ზაფხულსაც ასე იყო, უბრალოდ ადგნენ და ვიზების გაცემა შეწყვიტეს. თითქოს ყოველ წელს რაღაც მიზეზს ეძებენ, ადგილზე მცხოვრები ქართველები კი ვზარალდებით. დღეს აბიტურიენტები მთელი დღე იდგნენ გაშვების მოლოდინში თუმცა უშედეგომ. ამ დროის მანძილზე კი რამდენიმე ტვირთმზიდმა თავისუფლად გადაკვეთა საზღვარი, ქართულმა მხარემ უნდა შეზღუდოს, ისევ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, პირველადი ვადა ხიდის ჩაკეტვის, 10 დღეა.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო საზღვარი 28 ივნისს დაიკეტა. აფხაზური მხარე მიზეზად ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს ასახელებს.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.