ანატოლი ბიბილოვი.

ცხინვალის რეჟიმის მეთაური აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანება სამხრეთ ოსეთს აშფოთებს და თუ ალიანსი მის საზღვრებთან გამოჩნდება, რუსეთთან ერთად შესაბამის ზომებს მიიღებენ. ამის შესახებ ბიბილოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს აქვს უფლება შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს, სამხრეთ ოსეთი ამაში ხელს ვერ შეუშლის, მაგრამ ამავე დროს შეუძლებელია ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს. ამიტომ კეთდება ყველაფერი, რომ რესპუბლიკის ხალხი მოსალოდნელი პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად ქმნის უსაფრთხოების კონტურებს და ამ კუთხით მიღებული ზომები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატოს ძალების გამოჩენის შესაძლებლობასაც,“ – განაცხადა ბიბილოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ან ბაზების დამატებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

როგორც რუსული და ოსური მედიასაშუალებები აცხადებენ, ბიბილოვი ამით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მაისში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი შესაძლოა 2021 წელს გახდეს. ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელში იმართება და ნატოს ხელმძღვანელობის თქმით, სამიტზე დაფიქსირებული იქნება ის პროგრესი რომელსაც საქართველომ გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ამ სამიტიდან დიდი მოლოდინებია თბილისში.