აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნელებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღების გამო გალის შეხვედრა დემონსტრაციულად ჩაშალეს და განაცხადეს, რომ სანამ თბილისი ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს არ დახურავს და მოლაპარაკებებისას ეს თემა არ მოიხსნება, დიალოგის აზრს ვერ ხედავენ. სეპარატისტული რეჟიმი აცხადებს, რომ ოთხოზორიას მკვლელობისთვის ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დანაშაული თბილისის მიერ მიწოდებულ საქმეში ვერ აღმოაჩინეს.
გალის შეხვედრის წინა დღეს კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ამ ეტაპზე 33 ადამიანია შეყვანილი, რის გამოც ისინი შეშფოთებას არ მალავენ „საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად ბახტაძის დესტრუქციული და პროვოკაციული ხასიათის ქმედებების გამო“ და ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლით იმუქრებიან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულად უთხრის ძირს არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს. აფხაზური მხარე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს”, – ნათქვამია ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მეორე დღეს კი, 27 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა“ და მასში შეყვანილი აფხაზების გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარის ულტიმატუმი გახდა, რომ ქართულ მხარეს დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის საკითხი ამოეღო. რაზედაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს საკითხი ქართული სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და დღის წესრიგიდან მის ამოღებას არ აპირებდნენ. ამის შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.
გალის შეხვედრებზე აფხაზური ჯგუფის ხელმძღვანელია ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმირ არლანი, რომელიც „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გალის შეხვედრების განახლების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქართული მხარე კომპრომისზე არ მიდის. კომპრომისი კი, მისი თქმით, ოთხოზორიას თემის დახურვაა.
ის აცხადებს, რომ აფხაზური მხარისთვის ოთხოზორიას მკვლელობის თემა დახურულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამ საკითხს ყოველ ჯერზე აყენებს.
არლანის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც ქართული მხარე ხშირად ეყრდნობა როგორც დანაშაულის დეტალების ამსახველ მასალას, სრულიად უხარისხოა, ამ მასალებს სასამართლოში საქმის წარმოებისას ვერ გამოიყენებდნენ, ამიტომ ქართულ მხარეს შესთავაზეს მასალების მოწესრიგება, ან საქმის დახურვა.
გარდა ამისა არლანი უკმაყოფილოა შავი სიით. მისი თქმით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ მსგავსი დოკუმენტი უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა, მათ შორის მოლაპარაკების პროცესისთვის, მაგრამ ეს თბილისმა არ გაითვალისწინა და 33-კაციან სიაში 26 აფხაზია, რის გამოც სეპარატისტული რეჟიმი თვლის, რომ „დაუსაბუთებელი ბრალდებებით“ და მათზე საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნით თბილისი არღვევს ადამიანთა უფლებებს.
ოთხზორია-ტატუნაშვილის სია“ მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს წარადგინა. სიაში 33 ადამიანია შეყვანილ. სიის სათავეში არიან: 22 თებერვალს ახალგორიდან გატაცებული და წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ბრალდებულები, ახალგორის ე.წ. კა-გე-ბეს განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი და ახალგორის პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი, ასევე 2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეში დაუსწრებლად მსჯავრდებული “მესაზღვრე” რაშიდ კანჯი-ოღლო, რომელსაც 14 წელი აქვს მისჯილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.