„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს.
ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით ლეგიტიმური ყრილობის ჩატარება შეუძლებელია.
აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს პარტია „თვითგამოცხადებულმა საორგანიზაციო კომიტეტის წყალობით“ ორად არის გაყოფილი და ჩიხშია შესული. მისი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად ჩამორთვეს უფლებები და მას „არაუფლებამოსილი სტრუქტურა“, ყრილობის საორგანიზაციო კომისია მართავს.
„პროცესები ძალიან ღრმად არის წასული“, – აღნიშნა რატიანმა.
პოლიტსაბჭოს წევრების ამ ჯგუფმა, რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო არჩევნების ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯამში 38 პირმა, გაავცრელეს განცხადება, სადაც ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, ირაკლი აბესაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სხვები. პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი კი ყრილობის ბოიკოტირების ინიციატივითაც კი გამოვიდა. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, პარტია წევრთა ნაწილმა დატოვოს.
„პირადად მე ამ უთანხმოების სუბიექტების ერთ პარტიაში ყოფნა ვერ წარმომიდგენია”, – დასძინა მან.
თემას ხუთშაბათსვე საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ და თანაგუნდელების პოზიციას „ძალიან სამწუხარო“ უწოდა. მისი თქმით, „პარტიის მმართველობაში არსებული მცირე ჯგუფი“, გავლენის შესანარჩუნებლად, დაუპირისპირდა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებასაც.
„ისინი ცდილობენ, ყრილობის საბოტაჟი მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირულია,“ – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც ბრიფინგზე ასევე პოლიტსაბჭოს წევრებთან და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებამ თავი არჩევნების დასრულებისთანავე იჩინა, როდესაც წევრების ნაწილი მეორე ტურისა და საერთოდ პარლამენტის ბოიკოტირებას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულდ არ ეთანხმებოდა. ამავდროულად, სადაო გახდა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც – პარტიის წევრთა ერთი ნაწილის აზრით, ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს, მეორე ნაწილის აზრით კი „ნაცმოძრაობა“ ახალ მმართველს საჭიროებს.
ნოემბრის ბოლოს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე სააკაშვილის მხარდამჭერმა ჯგუფმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და მიაღწია იმას, რომ პარტიის ყრილობა, რომელიც მის მომავალ სტრატეგიას განსაზღვრავს ისეთ ფორმატში ჩატარდება, რაც მისი ხაზის გატარებას უზრუნველყოფს. ამავე სხდომაზე აირჩიეს, ასევე, ყრილობის საორგანიზაციო კომისია.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.