7 მაისს, შაბათს 13 საათზე 24 არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე ოპოზიციური პარტია ექსპრემიერ ივანიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავს კოჯრის გზატკეცილზე, ტელეკომპანია GDS-თან, იქ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
ორგანიზატორები ინციდენტის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ, რადგან ტერიტორია, სადაც აქცია იგეგმება, კერძო საკუთრებაა.
პროტესტის საგანი „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, ივანიშვილის კომპანიისათვის ბოტანიკურ ბაღის 4 ჰექტარი მიწის გაცვლა და ასევე „პანორამასა“ და ბოტანიკურის მიმდებარედ სასტუმროს ასაშენებლად 29 ჰექტარი ტერიტორიის ასევე ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისთვის მიყიდვაა.
„ქართულ ოცნებაში“ ამ პროტესტს ივანიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ პროცესად მიიჩნევენ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ როგორც ამ აქციას, ისე ბოლო თვეებში ყველა მსგავს აქტივობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, „ნაციონალები“ უდგანან სათავეში და არასამთავრობოებსა და ბუნების დამცველებს ურჩევს, მანიპულაციებს ნუ აჰყვნენ და „ნაციონალების“ „წინასაარჩევნო კამპანიის“ ნაწილი არ გახდნენ.
აქციის ორგანიზატორია გაერთიანება „ერთად“, სადაც 24 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო მოძრაობაა გაწევრიანებული. ისინი გვერდით დგომისკენ ყველას მოუწოდებენ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე მისვლის მზადყოფნა უკვე 4-მა პარტიამაც გამოთქვა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „გირჩმა“. შესაძლოა მათ შეურთდნენ „ახალი მემარჯვენეები“ და „ლეიბორისტებიც“.
აქციაზე ადამიანები ტრანსფარანტებით მივლენ პანორამას მშენებლობის ადგილზე და შეეცდებიან იქ მომუშავე ტექნიკას ცოტა ხნით მაინც შეუშალონ მუშაობაში ხელი.
„პანორამა თბილისს, ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარის გადაცვლილ მიწას, კრწანისი-შინდისის მშენებარე გზაზე 29 ჰექტარი ტერიტორიის გაყიდვას – სამივე ამ პროექტს ერთი მფლობელი ჰყავს – ბიძინა ივანიშვილი და სამივე ეს პროექტი ერთი დიდი პროექტის ნაწილია. ამიტომ ყველაფერს ერთად ვაპროტესტებთ,“- ამბობს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი ნატა ფერაძე.
საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა DFWatch-თან აცხადებს, რომ შაბათს გარემოს დასაცავად და უკანონობის გასაპროტესტებლად აქციას მისი პარტიაც უერთდება და ამით არც ერთი ძალის მანიპულაციის ამყოლი არ არის. ამბობს იმასაც, რომ ის აქციაზე სიტყვით გამოსვლას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას არ აპირებს.
აღსანიშნავია ის, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტი თანაინვესტირების ფონდმა 2014 წელს წარადგინა. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნების დაკავშირება გამწვანებულ შემოგარენით, საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით უნდა მოხდეს. საუბარია 4 ახალი კომპლექსის აშენებაზე სოლოლაკის მაღლობზე, სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლების მოედანსა და ერეკლე მეორეს მოედანზე. ამჟამად სამუშაოები სოლოლაკის ქედზე მიმდინარეობს, სადაც ტრაქტორებით ქედის ნაწილის ჩამოშლა და მშენებლობისთვის გაწმენდა ხდება. აქცია სწორედ ამ ადგილასაა დაგეგმილი.
ასევე თანაინვესტირების ფონდმა რამდენიმე დღის წინ 6,3 მილიონ ლარად იყიდა ამ ქედთან ახლოს მდებარე 30 ჰექტარამდე ტერიტორიაც, სადაც ერთი წლის წინ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი შემოვლითი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიგეგმა და რის გამოც 500-ზე მეტი ხე მოიჭრა. დღეს კი ტერიტორიას ლანდშაფტური ზონის სტატუსი შეეცვალა და ახლა იქ 80-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.
გზის გაყვანის ნაცვლად ტერიტორიის მშენებლობისთვის გაყიდვას აპროტესტებენ გარემოსდამცველები და აცხადებენ, რომ ეს ნაკვეთიც „პანორამას“ ნაწილი გახდება. კრიტიკის საგანია ისიც, რომ ივანიშვილმა თითქოს გზისთვის გამოყოფილი ტერიტორია სახელმწიფოს ხარჯებით სათავისოდ გააწმენდინა და ახალი გზის მშენებლობისთვის კიდევ დამატებით 500-მდე ხის მოჭრა იგეგმება.
გარდა ამისა, ასევე კრიტიკის საგანია ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი ტერიტორიის გაცვლა ბაღის მიმდებარე სხვა 4 ჰექტარზეც. ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობის მხრიდან ითქვა, რომ ქვა-ღორღიანი მიწა უკვე გაშენებულ ხეხილიან ტერიტორიაზე გაიცვალა და ეს ბაღისთვის უფრო მომგებიანია. გარემოს დამცველების თქმით, გაცვლა კანონის დარღვევით მოხდა. თანაც, ბოტანიკური ხეხილის ბაღი არ არის, მას მრავალფეროვნებისთვის ის ქვა-ღორღიანი ნაწილიც სჭირდება.
როგორც თბილისის ისტორიული იერსახის დამცველი “თბილისის ჰამქარის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი DFWatch-თან საუბარში ამბობს, სამივე ეს თემა ერთი კონტექსტია, სამივეგან კანონდარღვევა ძალიან ბევრია და ისინი ყველაფერზე აპირებენ რეაგირებას: სამართლებრივად იურისტები ყველა ამ საქმეზე ამზადებენ სარჩელს და ასევე იგეგმება სამოქალაქო აქტივობები.
„ახლა აქტივობებს უფრო მკაცრი ფორმები ექნება და არ იქნება ისე, როგორც ადრე ვაკეთებდით, მანიფესტაციის, მსვლელობის სახით. ამ შემთხვევაში ვაცნობიერებთ იმას, რომ შესაძლოა კანონდარღვევასთანაც გვქონდეს საქმე, რადგან ეს გაყიდული ტერიტორია კერძო საკუთრებაა, სადაც შესვლას კანონი კრძალავს, მაგრამ ჩვენ ამაზე მივდივართ. ეს იყო მიზეზი იმის, რომ ჩვენ ასევე ადამიანის უფლებათა დარგში მომუშავე არასამთავრობოებსაც მოვუწოდეთ მხარდაჭერისკენ, რომ ინციდენტის შემთხვევაში მომსახურება გაგვიწიონ,“- ამბობს ელისაშვილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.