იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო “კაბელების საქმეზე” გამამტყუნებელ განაჩენს, გამოიტანს, ირაკლი ალასანია საპროტესტო აქციებით იმუქრება და დაიწყებს მომხრეების მობილიზებას ბიძინა ივანიშვილის “არაფორმალური მმართველობის” წინააღმდეგ, მათ შორის – ფიზიკურადაც.
„ეს იქნება ბოლო წვეთი, რომ მოვლენები ახალ ფაზაში გადავიდეს. კერძოდ, ამ შემთხვევაში დავიწყებ ქუჩის საპროტესტო აქციებში ხალხის, ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას და მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ პირდაპირ, ფიზიკურადაც დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
„(მთავარი პროკურორიის) შოთაძის განცხადება არის ზეწოლა მოსამართლეზე, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება კი არ გამოიტანოს, არამედ გადაწეროს საქმესთან დაკავშირებით პირველივე დღეს ივანიშვილის მიერ დაანონსებული საბრალდებო დასკვნა. თუმცა, თუ მოსამართლე არაობიექტურ, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამით ფაქტობრივად დადასტურდება, რომ საქართველოს მოსამართლეები ამბობენ იმას, რასაც ივანიშვილი უკვეთავს,” განაცხადა ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. “კაბელების საქმეზე” დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. ბრალდებულებს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. თუმცა, მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
სწორედ ეს საქმე გახდა ირაკლი ალასანიას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების მიზეზი და ის, თავის გუნდთან ერთად, ოპოზიციაში გადავიდა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.